მოსალოდნელია თუ არა სანავთობო ბიტუმის დეფიციტი – საქართველოს ბაზარზე ირანი აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა

სანავთობო ბიტუმის მთავარი მომწოდებელი საქართველოში აზერბაიჯანი გახდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ირანიდან სანავთობო ბიტუმის იმპორტი მთლიანად შეწყდა. როგორც საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, თითქმის ორი ათეული წელია, საქართველოში იმპორტირებული სანავთობო ბიტუმის 90 პროცენტი ირანიდან შემოდის. მთვრალაშვილის განმარტებით, ამას ორი გარემოება განაპირობებს – სიიაფე და გაიოლებული ტრანსპორტირება.

მთვრალაშვილის თქმით, შარშან საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა და ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების უპრეცენდენტო მასშტაბით იყო განპირობებული. მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ წელს იმპორტის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდებიდა, თუმცა კორონავირუსმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
ბიტუმის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა და, როგორც მთვრალაშვილი აცხადებე, იმის გამო, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აზერბაიჯანშიც ინტენსიურად მიმდინარეობს, საქართველოში ბიტუმის საჭირო რაოდენობით შემოტანას შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.

სპეციალისტების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის დეფიციტი შეიქმნა, ამან შესაძლოა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები შეაფერხოს (სანავთობო ბიტუმი ასფალტის დასამზადებლად საჭირო ერთ-ერთი კომპონენტია).

როგორც მთვრალაშვილი აცხადებს, ჯერჯერობით, ასეთი საშიშროება არ არსებობს, თუმცა გართულებული სატრანსპორტო ლოჯისტიკის გამო ირანისა და, ახლა უკვე, აზერბაიჯანის ალტერნატივის მოძიება რთულია. მთვრალაშვილის თქმით, ბიტუმის შემოტანა რუსეთიდან და თურქმენეთიდანაც შეიძლება, თუმცა, სიძვირისა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 169,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 65 ათასი ტონით ანუ 62 %-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (104,9 ათასი ტონა).

იმპორტის 85,8% (145,7 ათასი ტონა) მოდიოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, შემდეგ მოდიან: ერაყი – 13,6 ათასი ტონა (8,0%) და აზერბაიჯანი – 9,6 ათასი ტონა (5,6%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები