მოქალაქეებს, რომლებიც დიალიზზე იმყოფებიან, ტრანსპორტირების ხარჯს გორის მერია დაუფარავს

მოქალაქეებს, რომლებიც დიალიზზე იმყოფებიან, ტრანსპორტირების ხარჯებისთვის ფულადი დახმარების მისაღებად უკვე შეუძლიათ, გორის მერიას მიმართონ.

ამის შესახებ გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან სამედიცინო დაწესებულებამდე, სადაც ისინი იტარებენ შესაბამის სამედიცინო პროცედურას „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მანძილი 5 კილომეტრზე მეტია, დახმარების სახით 300, ხოლო თუ 5 კილომეტრზე ნაკლებია 150 ლარს მიიღებენ.

“გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა დახმარების მისაღებად მერიაში შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ: 1. განცხადება მერის სახელზე; 2. დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; 3. ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); 4. დაბადების მოწმობის ან/და ქორწინების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); 5. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. ფულად დახმარებას ტრანსპორტირებისთვის, რომელსაც უწყება საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე გასცემს, დიალეზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად ერთჯერადად მიიღებენ. გარდა ამისა, გორის მერია დიალეზზე მყოფ მოქალაქეებს წელიწადში ერთჯერად 500 ლარიან დახმარებასაც სთავაზობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები