ვანო მთვრალაშვილი: საწვავი კიდევ გაიაფდება, თუმცა რამდენით, ლარზეა დამოკიდებული
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი თითქმის ყოველდღიურად კლებულობს. ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი (WTI), ამჟამად, $20.61 დოლარი ღირს. სპეციალისტები ნავთობის ფასის შემცირებას საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობით, ასევე, მოხმარების შემცირებით ხსნია. როგორც საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, კორონავირუსის გამო, ავიამიმოსვლა მსოფლიოში, ფაქტობრივად, გაჩერებულია, რამაც საწვავის ყოველდღიური მოხმარება 20-25 მილიონი ბარელით შეამცირა. როგორც მთვარელაშვილი აცხადებს, ამჟამად, 3 მილიარდ ადამიანზე მეტია კარანტინში და, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ნავთობის მოხმარება კიდევ უფრო შემცირდება. მთვრალაშვილის თქმით, საწვავის მოხმარების 60 პროცენტი სატრანსპორტო გადაზიდვებზე მოდის და როცა კორონავირუსმა ეკონომიკის ეს დარგი, ფაქტობრივად, გააჩერა, გასაკვირი არაა, რომ საწვავის ფასი იკლებს.
ეს ყველაფერი საქართველოსა და ადგილობრივ საწვავის ბაზარზე როგორ აისახება?
ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ და, ბუნებრივია, რომ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ხდება, ჩვენზეც ახდენს გავლენას. ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც საჰაერო მიმოსვლა, ფაქტობრივად გაჩერებულია. შესაბამისად, საავიაციო ნავთის მოხმარება განულებულია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით, თუმცა კლება აქაც თვალშისაცემია. ასე რომ, საწვავის იმპორტი საქართველოში შემცირდა. თუმცა ზუსტი მონაცემები, რა ხდება ბაზარზე, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვებში გვექნება.
რაც შეეხება ფასებს – მოსალოდნელია თუ არა მისი შემცირების ტენდენცია?
ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასები 20-25 თეთრით უკვე შემცირდა. არაბრენდირებულებზე, თითქმის, 30-ით და, ზოგ შემთვევაში, მეტითაც. თუმცა აქ მინდივართ მეორე პრობლემასთან და ეს ლარის კურსია. როგორც ცნობილია, ფასი დამოკიდებულია ორ კომპონენტზე – ნავთობის საერთაშორისო ფასსა და ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებით.
ლარის გაუფასურების გამო საწვავის ფასი აქ არ არის ისე შემცირებული, როგორი მოლოდინიც იყო.
პროგნოზის გაკეთებაც რთულია. დიდი ალბათობით, საწვავი გაიაფდება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ლარის კურსზე. სამწუხაროდ, ლარი არაპროგნოზირებადი ვალუტა გახდა და, აქედან გამომდინარე, საწვავის ფასის პროგნოზირებაც საქართველოში რთულია.