დუშეთში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ახალი კორონავირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით,  მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე – ზაქარია ხეხელაშვილი ჭონქაძისა და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მოსახლეობას აღნიშნულ სიტუაციაში სახლებში ყოფნა ურჩიეს. აგრეთვე, გააცნეს მუნიციპალიტეტის მიერ უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, მოხალისეთა ჯგუფის საკონტაქტო მონაცემები და ინსტრუქციები გადაუდებელი საჭიროებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 23 მარტს გამოცემული N181 ბრძანების საფუძველზე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საწინააღმდეგოდ, ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის ვადით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდა, მათ შორისაიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით და  სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები. შეზღუდვები შეეხო საჯარო დაწესებულებებს, საჯარო სკოლებს, სკოლამდელი აღზრდის ფილიალებს, კვების ობიექტებსა და ა.შ.

აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში მოხალისეთა ჯგუფები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები აქტიურად არიან ჩართულნი.

დღევანდელი მდგომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 22 პიროვნება იმყოფება თვითიზოლაციაში, 31 ადამიანი მოთავსებულია სასტუმრო „მთვრალ ალუბალში“ (კურორტი გუდაური), ხოლო კარანტინის პირობებში არცერთი მოსახლე არ არის გადაყვანილი.

მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები