გიორგი კახიანი: არ ვფიქრობ, რომ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების მიზეზი დელეგაციის შემადგენლობა იყო – ევროკავშირი გაურბის დისკუსიას
“არ ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების მიზეზი დელეგაციის შემადგენლობა იყო, ევროკავშირი გაურბის დისკუსიას,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე არ შედგა.
„არ მგონია, სერიოზული მიზეზი იყოს დელეგაციის შემადგენლობა, ამაზე ევროკავშირის მხარეს არც უსაუბრია, ამაზე ოპოზიცია ლაპარაკობს. რეალური მიზეზი შემდეგში უნდა იყოს – ამ შეხვედრას უნდა მოჰყოლოდა იმ ურთიერთობებში დათბობა, რაც ახლა საქართველო-ევროკავშირს შორის არასასურველ მდგომარეობაშია. ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო ის საკითხები, რომელთა გამოც ევროკავშირი გვაკრიტიკებს, ეს არის ადამიანის უფლებები თუ დემოკრატიის ე.წ. უკუსვლა საქართველოში. ამ შეხვედრისთვის არგუმენტებით ვიყავით მომზადებული, რათა ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა. ჩვენ მათი შენიშვნებიც უნდა მოგვესმინა, თუ არგუმენტები ჰქონდათ. როცა ვხედავთ, ასეთი ფორმატის შეხვედრა გაუგებარი მიზეზების გამო მათი მხრიდან არ შედგა. შეიძლება იფიქრო, რომ დისკუსიას გაურბიან. როგორც ჩანს, მათ ისეთი პოზიციები არ აქვთ, რაც შეიძლება, ასეთი დისკუსიისას დააფიქსირონ. ეს შეხვედრა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე არ შედგა“, – განაცხადა კახიანმა.