საქართველოში მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი სემინარზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, პროცესში ჩართული უწყებების მონაწილეობით, საქართველოში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მიწის კონსოლიდაციის პროცესის აუცილებლობის, ამავე დროს, სირთულის ფაქტს და აღნიშნა, რომ პროცესის დაწყების საფუძველი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტია.

საქართველოს მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწის პოლიტიკის საერთაშორისო სპეციალისტმა დავით ეგიაშვილმა წარადგინა – მიმოიხილა საქართველოში მიწის კონსოლიდაციის ხედვა, მიზნები, პრინციპები და ეტაპები;ასევე, მიწის კონსოლიდაციის ინსტიტუციური ჩარჩო და დაფინანსების წყაროები. დოკუმენტის შექმნით საფუძველი ჩაეყარა მიწის კონსოლიდაციის პოლიტიკის შემდგომ განხილვასა და კონსულტაციებს.

მიწის კონსოლიდაცია სახელმწიფოს ორგანიზებით განხორციელებული პროცედურაა, რომელიც, მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს სოფლად მიწის ნაკვეთების გაცვლას ან გადანაწილებას ისე, რომ შემცირდეს მიწის ფრაგმენტაცია. მიწის კონსოლიდაცია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა, უმჯობესდება ინფრასტრუქტურაზე წვდომა და მიწათსარგებლობის დაგეგმარება,მცირდება ფერმერთა ხარჯები.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები