ირაკლი კირცხალია – ბიძინა ივანიშვილზე: ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკური შანტაჟი იმ არაფორმალური მმართველების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უსამართლო სანქციებით დააშანტაჟებენ ადამიანს, რომლისთვისაც მთავარი არის სამშობლო და ქვეყანა

„ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკური შანტაჟი იმ არაფორმალური მმართველების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ უსამართლო სანქციებით დააშანტაჟებენ ადამიანს, რომლისთვისაც მთავარი არის სამშობლო და ქვეყანა,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 2012 წლამდეც და მას შემდეგაც.

„ნახონ ამ ადამიანის ისტორია 2012 წლიდან და 2012 წლამდეც, რა აქვს თავისი ქვეყნისთვის გაკეთებული – ხელისუფლებაში იქნებოდა თუ არ იქნებოდა, ყველას კარგად გვახსოვს ის უდიდესი ქველმოქმედება, რაც მან თავისი ქვეყნისთვის გააკეთა.
და როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი მეთოდებით ებრძვი, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. ჰგონიათ, რომ ადამიანი, რომლის პირველი და მთავარი პრიორიტეტი არის თავისი ქვეყანა, შეუძლიათ, რომ დააშანტაჟონ რაღაც დონის ფინანსური სანქციებით.

თვითონ ეს არაფორმალური მმართველებიც კარგად ხედავენ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამ დროს უტიფრად იყენებენ იმ ბერკეტებს, რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით გააჩნიათ იმ არაფორმალურ მმართველებს, რომლებიც ჯერჯერობით ძალიან მძლავრად არიან წარმოდგენილნი განსაკუთრებით ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, – ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები