რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 20 ადამიანი რჩება
ცაგერის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში, ამ დროისთვის, 18 ადამიანი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის, თეა გურგუჩიანის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი არ გაზრდილა.
“თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი ერთით შემცირდა, რადგან მას ამოეწურა 14-დღიანი იზოლაციის ვადა. ხვალ თვითიზოლაციის ვადა უმთავრდება გერმანიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდასაც. ახალი- საბედნიეროდ, არავინ შემოგვმატებია, ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ ადამიანებს ამ დრომდე, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ“, – განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი შემცირდა ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის ლენტეხში თვითიზოლაციაში 2 ადამიანი იმყოფება. ინფორმაციას “რეგიონულ კვირას” ეპიდემიოლოგი, ლამზირა ბენდელიანი უდასტურებს.
“ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ორი ადამიანი რჩება, აქედან ერთ-ერთი ხანდაზმული ქალბატონია და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს, ახალი არავინ შემოგვმატებია“, – განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 8 გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში 3320, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პაციენტია.