შოთა რეხვიაშვილი: მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობა კარანტინის შეზღუდვებს გაგებით ხვდება

“კონტროლდება მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, შეზღუდულია მოსახლეობის გამოსვლა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საზღვრიდან. შიგნით არის აბსოლუტურად მშვიდი გარემო, არავითარი ზედმეტი ემოცია არ ჩანს, გაგებით ხვდება მოსახლეობა ამ შეზღვუდებსა და საჭიროებას”, – ამის შესახებ ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება მოხალისეთა ჯგუფთან ერთად მოსახლეობის კარდაკარ შემოვლას იწყებს, რათა გაკონტროლდეს კორონავირუსის გავრცელების დამატებითი რისკები.

“ჩვენ შევქმენით სამუშაო მობილური ჯგუფები, სადაც, მოხალისეებთან ერთად, სამედიცინო პერსონალიც ჩართულია და ვიწყებთ კარდაკარ შემოვლას ყველა ოჯახისას. პირველ ყოვლისა, მოვინახულებთ მათ, ვინც იყო, უკანასკნელი ფაქტიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ და იყო აქტიურ კომუნიკაციაში. თუკი რაიმე იყო საეჭვო გარემოებები შეგვიძლია ადგილზე კვლევის ნაცხის აღება, საველე ჰოსპიტალი მუშაობს გამართულად გამოცდილი პერსონალით დაკოპლექტებულია და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ არ გამოგვრჩეს უმნიშვნელო დეტალიც კი. რაც შეეხება მომარაგებას – ორივე მუნიციპალიტეტი და მთლიანად  ქვემო-ქართლი შემიძლია ვთქვა, რომ არ განიცდის არავითარ დეფიციტს, სასურსათო საქონლის. დისტრიბუტორებთან ერთად და შესაბამის სამსახურებთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, მომარაგება შეუფერხებლად იქნება. მედიკამენტები არის და დაგვრჩა მხოლოდ ერთადერთი, რომ კიდევ უფრო მეტად შევზღუდოთ გადაადგილება და კონტაქტი. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და განსახორციელებელი”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა. დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
საკარანტინე ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება მედიასაც. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მარნეულსა და ბოლნისში იმუშავებს მხოლოდ ადგილობრივი მედია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფები,  ცენტრალური მედიასაშუალებები ინფორმაციას მათგან მიიღებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები