თეთრიწყაროში ხანძარს, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოხალისეები ებრძვიან
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიანის მიმდებარედ, ტყეში ერთდროულად ხანძრის რამდენიმე კერაა. ცეცხლი გამხმარ ფოთოლს მოედო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 40 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა საჭირო არ არის.
ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრეებს ადგილობრივი მოხალისეებიც ეხმარებიან.
“რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ კვამლი 8 მარტს შენიშნეს და “112” გამოიძახეს.
“8 მარტს, დაახლოებით, 5 საათზე შევნიშნეთ ცეცხლი და 112-ში ერთ-ერთმა ადგილობრივმა დარეკა. ხანძრის კერა ზემოთ, ტყეში გაჩნდა და, სანამ სახანძრო მოვიდოდა, აქაური ბიჭები შეიკრიბნენ და ამოვიდნენ, საკუთარი ძალებით ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. სახანძრო მალევე მოვიდა, თუმცა კერები ქარის გამო გაიზარდა და ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა”, – აცხადებს მოხალისე, სოფია ტამაილი.