,,როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ თითქოს, საქართველოში ხდება სანქციების გვერდის ავლა, ეს რა თქმა უნდა აბსურდია”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროკომისიის პრეზიდენტისადმი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიმართვა, რომელშიც EPP საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს და შეზღუდვითი ზომების გამოყენებას მოითხოვს.
კახიანის თქმით, EPP-ის მიზანი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიური ფონის შექმნაა.
„ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის EPP-ს ერთ-ერთი შემადგენელი. ამ ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს, რასაც ვხედავთ, რომ თურმე EPP-ს მხრიდან მიდის კონკრეტული წერილები, რომელთა მიზანიც არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიური ფონის შექმნა, დეზინფორმაციის გავრცელება. როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ თითქოს, საქართველოში ხდება სანქციების გვერდის ავლა, ეს რა თქმა უნდა აბსურდია.
თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საქართველო არასდროს გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი და ჩვენ ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ. ეს დასტურდება მათ შორის, იმ მონიტორინგის ჯგუფებით, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და ამ თვალსაზრისით იკვლევენ, რა მდგომარეობაა“, – განაცხადა კახიანმა.