ხმაური კასპის საკრებულოში – მერს უფლებამოსილება შეუწყდა
ხმაური იყო კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძემ დეპუტატებს კასპის მერისთვის, მანუჩარ მერებაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე აცნობა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანუჩარ მერებაშვილის სხდომაზე არდასწრება გააპროტესტეს, ამასთან, მისგან ანგარიშის საზოგადოებისთვის ჩაბარება და მისი წასვლის მიზეზის განმარტება მოითხოვეს. მათი თქმით, ის უპასუხისმგებლოდ მოიქცა იმ ამომრჩევლის წინაშე, ვინც მას მხარი დაუჭირა. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
“კითხვები გვქონდა მერთან – რა გაუკეთებია და რას აპირებდა და დაგვრჩა ეს კითხვები პასუხგაუცემელი. თუ მერმა მართლა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და თან კერძო სექტორში წავიდა, ესე იგი, მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, რადგან ახალ არჩევნებამდე თითქმის 2 წელია დარჩენილი”, – თქვა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ილია კიტრიაშვილმა.
კასპის უკვე ყოფილი მერი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება თავის გუნდთან ერთად მიიღო. მერებაშვილის თქმით, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
“დღეს გაჟღერებული ბრალდებები აბსურდულია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავინ ნახავს ჩემ მიერ გადადგუმ ისეთ ნაბიჯს, რომელიც კანონთან შესაბამისობაში არ მოსულიყო. ესაა დღეს გაჟღერებულ ყველა ბრალდებაზე ჩემი პასუხი. მე მივიღე გადაწყვეტილება გუნდთან ერთად და ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში”, – განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.