მამუკა მდინარაძე: მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ქართული დემოკრატიის გამარჯვებაა

ჩემი აზრით, შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაშიც მოგეხსენებათ, „ქართულ ოცნებას“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა საარჩევნო რეჟიმზე გადასვლა, რათა საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

„ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო, ბუნებრივია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა შეთანხმება შემდგარიყო. ჩვენ არ დავეთანხმეთ იმ მახინჯ სისტემას, რომელსაც 20 მაჟორიტარი ჰქვია. 30 მაჟორიტართან დაკავშირებით ასევე იქნება ცვლილებები შესატანი გარკვეულწილად, ისეთ ქმედით საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოვიდეს სამი-ოთხი რაიონიც კი, თუმცა ამასთან დაკავშირებით შეიძლებოდა შეთანხმება და წინასწარაც ამის შესახებ ჩვენ გავახმოვანეთ, რომ ხუთ და 10 მანდატს პლუს-მინუს დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. საარჩევნო სისტემა, რომელზეც შევჯერდით, უზრუნველყოფს, რომ არამხოლოდ 50-პროცენტიან რეიტინგზე მეტის, არამედ 47 და 48-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიამ თავისუფლად დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცენტებსაც არ ველოდებით. ჩვენ ველოდებით 50 პროცენტზე მეტს და ამ შემთხვევაში, ის დამზღვევი მექანიზმი, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, ასევე ძალაშია, შეთანხმების საგანია და ამ დეტალებშიც შევდივართ. კი ბატონო, 40 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ ვერ უნდა დააკომპლექტოს უმრავლესობა, თუმცა ჩვენ გვექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მყარ უმრავლესობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, რადგან შეთანხმება შედგა. სპეკულაციების საშუალება ერთმევათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ სპეკულაციებზე და უკვე საარჩევნო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, რათა საქართველოში ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები