ოზურგეთში კორონა ვირუსის რისკის გამო თვითიზოლაციაში 10 ადამიანი იმყოფება
კორონა ვირუსის საფრთხის გამო, ოზურგეთში თვითიზოლაციაში 10 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა.
“იტალიდან ჩამოსული პირები არიან თვითიზოლაციაში. ცოტა ხნის წინ დაემატა ერთი, 9 ადამიანი იყო და 10 გახდა. ყველა მათგანი ჩემი კონტროლის ქვეშაა. ყველას გავესაუბრე, ზოგთან ნამყოფიც კი ვარ. ამ კვირაში ისევ ყველას მოვინახულებ.
ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არ გავიდნენ გარეთ, იყვნენ სახლში, თვითიზოლაცია მოახდინონ სახლის პირობებში. პირბადით იარონ, დილა- საღამოს იკონტროლონ სიცხე”,- განაცხადა მაია ქუტაძემ.
მაია ქუტიძე ამბობს, რომ ზოგმა ადამიანმა საფრთხის შესახებ თვითონ მიმართა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ზოგს კი ჯანდაცვის ცენტრმა მიაკვლია.
“პირველი გამოკვლევა მათ აეროპორტში ჩაუტარდათ, სხვადასხვა დროს არიან ჩამოსულები. 25 თებერვლიდან ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ზოგი მარტის თვეში დაემატა. პირველ ჩამოსულს 9 მარტს უმთავრდება იზოლაციის ვადა. ვირუსი არც ერთს არ აღმოჩენია, არც არანაირი სიმპტომი აქვთ. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ოზურგეთში, ბოქსირებულ განყოფილებაში გადავიყვანთ და ამის შემდეგ გადავანაწილებთ დასავლეთ საქართველოს რომელიმე საკარანტინო ზონაში. ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება”,- აღნიშნა ქუტიძემ.