მეკობრეების მიერ დატყვევებული 4 ქართველი მეზღვაური თავისუფალია
ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია. ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
“საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, ღამით, შეიარაღებული პირები ნიგერიაში, ლაგოსის პორტთან ახლოს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ. საიდანაც 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის 4 მეზღვაური ქართველი იყო.