საგარეჯოში აქციის მონაწილე ადგილობრივებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს

საგარეჯოში აქციის მონაწილებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. მხარეები პრობლემაზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგნელებს მოუწოდეს, უახლოეს პერიოდში პრობლემა მოაგვარონ და წართმეული მიწები დაუბრუნონ, რისთვისაც მათ ერთკვირიანი ვადა მისცეს. თავის მხრივ, მმართველი გუნდისგან მოსახლეობამ დაპირება მიიღო, რომ “საპარტნიო ფონდის” წარმომადგენლები მათ შეხვდებიან და ყველა საკითხს განიხილავენ.

“არავინ არ მოგვხედა და ეხლა გვეუბნებიან ერთ კვირაში გაგცემთ პასუხსო. ველოდებით, რომ საქმე ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება. დაველოდებით ჩვენც, სხვა რა გზა გვაქვს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივების განმარტებით, პასუხის დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა აქციებს.

მანამდე კახეთის გუბერნატორის მოადგილემ ირაკლი შიოშვილმა განმარტა, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულები სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა და მათ წლების განმავლობაში მიტაცებული ჰქონდათ, რაზეც ადგილობრივებსა და ხელისუფლების წარმომადგებლებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.

მხარის რწმუნებულის მოადგილის , პლატონ კალმახელიძის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ მზადაა განიხილოს თითოეული მოსახლის საქმე და მოხდეს ადგილობრივების უფლებების შესაბამისი დაცვა.
“საპარტნიორო ფონდი მზად არის ინდივიდულარად განიხილოს კონკრეტული შემთხვევა, კანონიერი დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ დაცული იქნას თითოეული მოქალაქის უფლება. სახელმწიფო მზადაა განიხილოს ყველა ის შემთხვევა, რომელზეც იქნება შესაბამისი ფლობის დოკუმენტაცია“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება და ხელისუფლებასთან საუბარი სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები