“სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაცია და ზოგადად, რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
მინისტრის თქმითვე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორი მასწავლებლის გათავისუფლება ეთნიკური ნიშნით მოხდა და ფაქტი დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა.
“სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს არ არის ახალი, მაგრამ აქვს ახალი და საუბედურო გამოვლინებები, ასობით და ათასობით ადამიანზეა აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მედიკამენტების ამოღება დაიწყეს და ეს არ არის დღევანდელი ამბავი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მედიკამენტების ამოღება დაიწყეს ქართული წარწერებით, პირდაპირ არის მიმართული, რომ ადამიანების წინააღმდეგ, არა მარტო ქართველების არამედ ეთნიკურად ოსი მოსახლე ზარალდება, რადგან წამლებს იყენებს ყველა. საუბედუროდ, დაავადებისგან არავინ არ არის დაცული და ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის. იმის გამო, რომ მედიკამენტებს აქვს ქართული წარწერა და ხდება მათი ამოღება, ფაქტიურად, ამ ადამიანების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა, მათი გაწირვა ხდება. გადაადგილება არის შეზღუდული. საჭიროება იმისა, რომ შედიოდეს მედიკამენტები, პროდუქტები, არის ძალიან მაღალი. რეგიონი არის იზოლაციაში, მედიკამენტების დეფიციტში და კიდევ რომ რეპრესიული მოქმედებები ტარდება ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ყველაფრის ფასად მოხდეს კავშირებისა და კონტაქტების გაწყვეტა დანარჩენ საქართველოსთან. იმ ფონზე, როდესაც ეს კონტაქტები იზრდება და გაიზრდებოდა კიდევ უფრო მეტად, რომ არ იყოს ხელოვნურად ჩახერგილი გადაადგილების შესაძლებლობა. რაც შეეხება მასწავლებლებს, ესეც ძალიან დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა და საუბედუროდ, არ არის ახალი იმიტომ, რომ ახალგორში, ისევე როგორც გალის რაიონში სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა, მასწავლებლის ეთნიკური ნიშნით გათავისუფლება სხვადასხვა საბაბით. ამ შემთხვევაში ვიცით ორი ქალბატონის შესახებ, საბაბი რა არის, არსებითი ნამდვილად ვერ იქნება. იცით, რომ ამ ყველაფერთან ერთად რაც ხდება და არის ძალიან შემაშფოთებელი, არის ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვა, რაც წლიდან წლამდე მაღალ კლასებში ვრცელდება, სინქრონიზებული პოლიტიკაა.ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მწვავე საკითხი, ჩვენი დიალოგის, საუბრის და მცდელობის ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და მიეცეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რომელიც არამხოლოდ მათი უფლება და სურვილია, არამედ არის ერთადერთი ენა, რომელზეც საუბრობენ, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები. ანუ განათლების მიღების ერთადერთი საშუალება. გათავისუფლებულ მასწავლებლებს შეიძლება ასი საბაბი დაუსახელონ და თითიდან გამოწოვილი ფაქტორი მოიყვანონ. მაგრამ ფაქტი არის ერთი, ეს ადამიანები მუშაობდნენ ძალიან მძიმე პირობებში, ახერხებდნენ იმას, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი წარმართულიყო, დღემდე ეს სერთიფიკატი ჰქონდათ და მანამდეც ასეთი განათლებას ჰქონდათ. ჩვენ ვერანაირ ობიექტურ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ ამ ქალბატონების, სხვა პედაგოგებისა თუ დირექტორების გათავისუფლების შესახებ. ამას სამწუხაროდ, ერთი საერთო აქვს, ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეწინააღმდეგება.
ამ თემებზე, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე მქონდა საუბარი, საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ კონკრეტული ეს შემთხვევა, ისევე როგორც დღეს შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული პირობები, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, თან ზამთარში. მოგეხსენებათ, რომ მიმოსვლა და გადაადგილება შეზღუდულია როკის გვირაბზე, სადაც არის საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთი, რომელსაც დღეს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.