„იმის ნაცვლად, რომ სხვები აკრიტიკონ, ჯობია საკუთარ თავს შეხედონ და ნახონ რეალურად, რომ ერთი ხელით, როდესაც სხვას აკრიტიკებენ, მეორე ხელით თავად ეხმარებიან რუსულ სამხედრო მანქანას გაძლიერებაში,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის რეალურად, რა არის ამ ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებით.
“ეს ინფორმაცია კარგად აჩვენებს იმ თვალთმაქცურ მიდგომასა და სიყალბეს, რასაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ სხვები აკრიტიკონ, ჯობია საკუთარ თავს შეხედონ და ნახონ რეალურად, რომ ერთი ხელით, როდესაც სხვას აკრიტიკებენ, მეორე ხელით თავად ეხმარებიან რუსულ სამხედრო მანქანას გაძლიერებაში. ამიტომ, აქ მთავარი არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის.
იცის რეალურად, რა არის ამ ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და ის მყვირალა განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე, ხშირად უსამართლო, ტყუილით სავსეა და რეალურად სხვა მიზნებს ემსახურება. თავად შევხედოთ ამ სახელმწიფოებს, არცერთი წამით არ იხევენ უკან. სადაც კი ნახავენ რაიმე სარგებელს, ეს სარგებელი მიიღონ, თუნდაც ეს გულისხმობდეს რუსული სამხედრო მანქანის გაძლიერებას. ამიტომ, კარგია, ასეთი ინფორმაციები რაც მეტად გასაჯაროვდება, ყველა რეალურად დაინახავს ნამდვილ სახეს ამ სახელმწიფოების,” – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის კომპანიების ქსელი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებს საწვავით ამარაგებს. ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა.