გიორგი კალანდარიშვილი: ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გამოდის თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე

,,ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გამოდის თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) რეზოლუციაზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყო.

„მაშინ, როდესაც არჩევნებში არანაირ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი, 4 ოქტომბრის არჩევნებმა ეს ცალსახად დაადასტურა. თუ გასული წლიდან მოვყვებით, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვერავინ ვერანაირი ხელშესახები მტკიცებულება ვერ წარუდგინა შესაბამის ინსტიტუციებს, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი გაყალბების თაობაზე. ჩვენ პოლიტიკურ შეფასებას ამ საკითხზე ვერ მოვახდენთ.

ჩვენ რომ გავყვეთ მტკიცებულებებს, ფაქტებს და პროცესის შეფასებას, ვნახავთ, რომ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. პროცესი იყო სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ მსურველი დარწმუნდებოდა ამ ყველაფერში. ქვეყნის შიგნით ზოგიერთმა დაინტერესებულმა ჩართულმა მხარემ შექმნა მოცემულობა, თითქოს არჩევნები იყო მანიპულირებული და ბოლო ერთი წელია მიმდინარეობს საზოგადოების ამაში დარწმუნება. როდესაც ქვეყნის შიგნით იქმნება მსგავსი მოცემულობა, შემდგომ ხდება საერთაშორისო აქტორების დამოწმება და მათი დარწმუნება თითქოს ეს რეალობაა. საერთო ჯამში იკვრება ჯაჭვი და ამ ჯაჭვის გაგრძელება არის ის, რომ საერთაშორისო აქტორებიდან ვიღებთ ამ ყველაფრის დამოწმების შემთხვევებს.

ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია და არა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომელიც მტკიცებულებებს მოიშველებს ასეთ პროცესში. გასაგებია, რომ ისინი მოქმედებენ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი შეფასების კომპეტენციას არ მიეკუთვნება“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები