ირაკლი ქადაგიშვილი – ვინც საგამოძიებო კომისიის სხდომებს თვალს ადევნებდა, უბრალოდ, ერთგვარი რეტროსპექტივა ნახა, თუ რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში
“ვინც საგამოძიებო კომისიის სხდომებს თვალს ადევნებდა, უბრალოდ, ერთგვარი რეტროსპექტივა ნახა, თუ რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის ყველა ძირითადი უფლება, რომელიც საერთოდ ცნობილი არის, ამ რეჟიმის პერიოდში ფეხქვეშ იქნა გათელილი.
„ჩვენ,ვინც ამ კომისიის სხდომებს თვალს ადევნებდა, უბრალოდ, ერთგვარი რეტროსპექტივა ნახა, თუ რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში. აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ფუნდამენტალურად, ძირეულად, სისტემურად მოხდა ადამიანის უფლებების არა მარტო დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა. ფაქტობრივად, ადამიანის ყველა ძირითადი უფლება, რომელიც საერთოდ ცნობილი არის, ამ რეჟიმის პერიოდში ფეხქვეშ იქნა გათელილი და ეს არ არის მხოლოდ მსხვერპლთა მონაყოლი, ეს არის სასამართლოების მიერ დადგენილი შედეგები. ამავდროულად, აქ არის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ომის და მშვიდობის საკითხს და საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას იგივე რუსული აგრესიის შემდეგ, რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ვერ მოიგებს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.
„გვიყვებიან, თურმე ვცხოვრობთ რეჟიმის ქვეშ და ეს რეჟიმი რატომ არის რეჟიმი, ამის ახსნა აქვთ, რომ არჩევნები წავაგეთ და რახან არჩევნები წავაგეთ, უკვე მეცხრე არჩევნები და ვერ ვიგებთ, ტოტალურ დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ. ვერ მოიგებს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. ახლა რომ თავს ირიდებენ, “„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველთვის სრულ კოლაბორაციაში იყვნენ, არც ერთი განცხადება არ დატოვებულა და არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რომელსაც არ შეერთებოდნენ. ყველა არჩევნების შემდეგ იწყება სახელმწიფოს ნგრევის, ჩამოშლის და ტოტალურად უარყოფის კამპანია, ოღონდ იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, არათუ ფაქტი ვერ მოჰყავთ, არამედ ლოგიკური ახსნაც კი არ აქვთ. რომ უთხრათ, ერთი ლოგიკური ამბავი მოჰყევით, როგორ გაყალბდა არჩევნები, თუ გნებავთ, ბოლო, 2024 წლის არჩევნები, ამბად ვერ მოგიყვებიან, არა თუ ფაქტს მოგიყვანენ, მაგრამ აი, ასე, რახან ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ამიტომ ახლა ტოტალურ დაუმორჩილებლობას გამოვუცხადებთ დემოკრატიულ პროცესს, უარვყოფ ხალხის არჩევანს. დღეს რომ ლაპარაკობენ ხალხის სახელით, საკუთარი ამომრჩეველი გადააგდეს, ოთხივე პოლიტიკურმა პარტიამ. მეოთხემ, რომ იტყვიან, ჭკუა იხმარაო და მაინც თავი რაღაცნაირად დაიჭირა. რომელი ევროპული დემოკრატიული ქვეყანა მოითმენდა იმას, რასაც ესენი აკეთებენ საქართველოში?! მერწმუნეთ, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ამის მეათედი განცხადებაც კი, არათუ ქმედება, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ განეხორციელებინა, ის არათუ არჩევნებიდან მოიხსნებოდა, მყისიერად აიკრძალებოდა. გერმანიის AFD-ს რაზე ედავებიან? მაგალითად, ზოგიერთი გამონათქვამი, სიტყვა ასოცირდება ფაშისტურ ლოზუნგთან. მაგალითად, ყველაფერი გერმანული, თუ შენ ამას იტყვი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰიტლერიც ასეთ სიტყვას ამბობდა, ანუ, ყველაფერი კარგი გერმანულია. აი, ეს სიტყვაც კი გახდა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის არჩევნებიდან მოხსნის წინაპირობა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, პირდაპირ საარჩევნო კომისიამ მოხსნა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.