სულხან თამაზაშვილი – შუახევობის სახალხო დღესასწაულზე: ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, გაგრძელდება მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, „შუახევობის” სახალხო დღესასწაულს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, გაგრძელდება მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარება.
„ერთიანობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიციების დაცვა და გაძლიერება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი მუნიციპალიტეტი. არსებული პრობლემები მაქსიმალურად მცირე დროში უნდა მოვაგვაროთ და ერთიანი ძალებით შევქმნათ უკეთესი პირობები თითოეული ოჯახისთვის.” – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები და ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო შუახევის ისტორიული და თანამედროვე ყოფის ამსახველი ფოტოგამოფენა. ჩატარდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობა.
სახალხო დღესასწაულზე, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ საპატიო შუახეველები დააჯილდოვა. ღონისძიება კი საზეიმო კონცერტით დასრულდა.
შუახევობის დღესასწაულს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.