გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში: 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი.

“მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი პანელური კვლევაა, რომელიც 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევა გამოიყენება უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების გასაზომად და მონაცემების მოსაპოვებლად განათლებისა და ჯანდაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელებს აწვდის სათანადო ინფორმაციას სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემები.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია: 2009 – 11.5%; 2011 – 9.4 %; 2013 – 6 %; 2015 – 2.5 % და 2017 – 6.8 %.
2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა. რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას. შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოს”, – ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ფონდი მუშაობს, რათა დაიცვას ყველა ბავშვის უფლება საქართველოში.

​ცნობისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის 2016-2020 წლების ეროვნული პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა განხორციელებაში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ბავშვების სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის აღმოფხვრის გზით.
იუნისეფის 2016-2020 წლების ეროვნული პროგრამის პრიორიტეტებია: ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნება და განვითარება, სოციალური დაცვა და ინკლუზია, მართლმსაჯულება ბავშვებისთვის და ბავშვის უფლებათა მონიტორინგი.
“პრიორიტეტული სფეროები:
– ბავშვების, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ბავშვების დახმარება სიცოცხლის ადრეულ წლებში (ჩასახვიდან 6 წლის ასაკამდე), ასევე მათი ოჯახების დახმარება ბავშვისათვის მზრუნველი გარემოს შესაქმნელად.
– პროაქტიური, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაძლიერებაზე და ქმედითი სოციალური მომსახურებების ხელშეწყობაზე, რათა ყველაზე დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მზრუნველი და კეთილგანწყობილი გარემო;
– ხარისხიანი სკოლამდელი და დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა თითოეული ბავშვისთვის;
– დაუცველი ოჯახების დახმარება ბავშვზე მორგებული სოციალური სერვისების მიწოდებით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სოციალური ინკლუზია;
– ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, სადაც დაცული იქნება კანონთან კონტაქტში მყოფი თითოეული ბავშვის უფლება და ბავშვთა უფლებების მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება;
– აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების დახმარება ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურებების მიწოდებით”, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები