კითხვის საღამოები მწერალთა სახლში – შექსპირის ,,ჰამლეტის” ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება

4 თებერვალს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში,  შექსპირის „ჰამლეტის“ ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება, რომელსაც მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, ამ შეხვედრით იწყება ახალი ციკლი – „კითხვის საღამოები მწერალთა სახლში“, რითაც აღდგება ტრადიცია, რომელიც მაჩაბლის 13-ში მისი აშენებისთანავე არსებობდა – დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებს აქ არაფორმალური ლიტერატურული სალონიც ჰქონდათ, სადაც მწერლები საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობდნენ. ილია ჭავჭავაძემ სწორედ დავით სარაჯიშვილის სახლში გააცნო საზოგადოებას „ოთარაანთ ქვრივი“ და „განდეგილი“.
ამიერიდან თვეში ერთხელ გაიმართება კითხვის საღამოები, სადაც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს ცნობილ და ახალბედა მწერლებს, რომლებიც ახალ ნაწარმოებებს წაიკითხავენ.კითხვის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსიაც.
„ჰამლეტის“ თარგმნა ივანე მაჩაბლის მხატვრულად უზადო თარგმანის შემდეგ დიდ გამბედაობას მოითხოვს, შეიძლება ბევრი სკეპტიკურადაც კი შეხვდეს ახალ „ჰამლეტს“, თუმცა, დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი თანამედროვე „ჰამლეტი“ გვჭირდება, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, შთააგონებს ქართველ რეჟისორებსა და მსახიობებს და მალე თეატრის სცენაზეც გადაინაცვლებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ლელა სამნიაშვილი ავტორია პოეტური კრებულებისა: „ფოტო-აბები“ (2000), „გველის წელიწადი“ (2004), „მუდმივი ტატუ“ (2007), „ფრაქტალები“ (2010), „ლოცვა აბსტრაქციად“ (2014), „37“ (2017).
1996 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ წერილებს და თარგმანებს (ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი, სილვია პლათი, ტედ ჰიუზი, სალმან რაშდი, ჯონ აპდაიკი, იზაბელ ალიენდე და სხვ.).
ლელა სამნიაშვილი განათლების მეცნიერებათა დოქტორია. სწავლობდა თბილისისა და ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკვლევდა ამერიკულ ლიტერატურას ბერკლიში.
მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ნიდერლანდურ, ჩეხურ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები