მაჭავარიანი – კალასის განცხადებაზე: მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო მონაწილეობა „პროქსი ომში“ და ვერ გამოიყენეს, როგორც სატელიტი სახელმწიფო

“ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია და ჩვენ რაღაცებზე უარი განვაცხადეთ, ეს განწყობა შეიქმნა ევრობიუროკრატებში. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო მონაწილეობა „პროქსი ომში“ და ვერ გამოიყენეს, როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ გრძელდება ეს ყველაფერი – სანქციები, შანტაჟი, უსაფუძვლო ბრალდებები და ასე შემდეგ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საუბრისას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. კონკრეტულად მოსამართლეებზე რომ ვთქვათ, მოსამართლეებთან დაკავშირებით რამდენი გახმაურებული საქმეც იყო და რამდენი საქმეც წავიდა შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში და რამდენ საქმესაც მიაწებეს პოლიტიკური იარლიყი და იყო რეზონანსული საქმეები, იგივე ბატონი სააკაშვილის, ბატონი გვარამიას, ბატონი მელიას და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი საქმე შემიძლია ჩამოთვალო, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ყველა გადაწყვეტილება მოუწონა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ესეც არის ყველაფერი გამოგონილი ხელოვნურად იმისათვის, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც პირდაპირ ამ ევრობიუროკრატებმა, ვისზეც ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი, ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ასეთი შედეგი დაგვადებინა და ამხელა მხარდაჭერა ჰქონდა, მილიონ ასოცი ათას ამომრჩეველზე მაქვს საუბარი, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო, ვინაიდან ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას და ვერ იტანს, როდესაც გარედან რაღაცას კარნახობენ და სურთ, რომ უკაცრავად ჟარგონისთვის და ვიღაცის დაკრულზე ცეკვა დავიწყოთ. „ქართული ოცნება“ ვდგავართ ძალიან მყარად. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მხოლოდ ამაზე დაფუძნებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე გვაქვს მხარდაჭერა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები