გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის განკარგულებაზე, რომლის საფუძველზე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა. „ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს დროებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას და შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას. „ჯანდაცვის სამინისტრო არის ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ორგანო, სხვა უწყებებიც და შესაბამის უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ სრულად კოორდინირებული შესაბამისი ქმედებები ჰქონდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.