როგორ დასცინიან სააკაშვილის ქომაგ ნიკა გვარამიას მიერ მართულ ტელევიზიაში პატიმრების უფლებებს – POSTV – მედიარენტგენი
“ნაციონალური მოძრაობისთვის” და მისი მხარდამჭერებისთვის, ისევე, როგორც ე.წ. “მთავარი არხისთვის” პატიმრები და მათი უფლებები აბუჩად ასაგდები თემაა” – ამბობს POSTV-ის გადაცემა “მედიარენტგენის” ავტორი და წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.
“მედიარენტგენი” იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შესახებ გიორგი გაბუნიას 26 იანვრის მონოლოგს აკრიტიკებს. წამყვანი ციხის კადრებს იხსენებს და თუ როგორ ეპყრობოდნენ წინა ხელისუფლების დროს პატიმრებს.
“იმ საშინელების, ტრაგიკული, არაადამიანური ქმედებების ჩამდენებს და მათი გამშუქებელი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ეცინებათ და იმაზე, რაც იუსტიციის მინისტრმა შენიშვნის სახით სახალხო დამცველს უთხრა, პატიმრის მიერ ყავის მოდუღებიდან დაწყებული დასრულებული თამბაქოს მოხმარებით. თუმცა რა გვიკვირს, ხომ ძალიან კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, როგორი სისტემის შემქმნელ-გამშუქებლებთან, ახლა მათთვის პატიმრის მიერ ყავის მოდუღების მოთხოვნის გაპროტესტება სასაცილო არ იქნებოდა? რა დღეში ჰყავდათ პატიმრები, ეს მხოლოდ ის მცირე ნაწილი იყო, რაც ჩვენამდე მოვიდა და რამდენი დაიმალა? ჩემს კოლეგად წოდებული გიორგი გაბუნია ახლა ზის სტუდიაში, ფონად იმ იუსტიციის მინისტრის ფოტო აქვს გამოყვანილი, რომელიც სახალხო დამცველს პატიმრების მონახულებისკენ მოუწოდებს, ყველა პატიმრის აზრისა თუ საჩივრის მოსმენას სთხოვს და საყვედურობს იმის გამო, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქცევის ყოველგვარ ნორმას არღვევს პატიმრის მონახულებისას… სწორედ ამ იუსტიციის მინისტრის ფოტო აქვს გამოყვანილი ფონად და პატიმრების უფლებებზე, ჩემი აზრით, საკმაოდ გამაღიზიანებლად ხუმრობს,” – ამბობს გადაცემის წამყვანი.
მისი თქმით, ყველაზე გულდასაწყვეტი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს ტელევიზია, ისევე როგორც იქ მომუშავე ყოველი ჟურნალისტი თუ წამყვანი ანარეკლია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის სიმბოლოდ იქცა. ახლა კი შიგადაშიგ ოპოზიციური ტრიბუნებიდან ამბობენ რაღაცებს, არარსებულ ძალადობებს გმობენ, პატიმრებს და მათ უფლებებს აბუჩად იგდებენ და სახუმარო თემად ხდიან.
“სულ მცირე, უხერხულია ასეთ თემაზე მსგავსი მონოლოგების წერა და შემდეგ უკვე ამ დიალოგების პირდაპირ ეთერში კითხვა, თანაც თეატრალიზირებულად. არსებობს თემები, რომლებზეც შეიძლება იღლიცინო, თუმცა არა მათზე, ვისაც წლები აწამებდნენ თქვენი საყვარელი რესპონდენტები და ტანჯავდნენ. ეს ისეთივე უხერხულია, როგორიც პანაშვიდებზე და ჭირისუფლებში კამერების ფრიალი,” – ამბობს ლიზა გეგეჭკორი.