2019 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდა

2019 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდა.

დუშეთი

აქტიურად მიმდინარეობს მთის ინტერნეტიზაცია. პროგრამის ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ეტაპობრივად იფარება. მიღებული სიკეთით ჯამში 80 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. რეაბილიტაცია დუშეთში არსებულ სკოლა-პანსიონებს ჩაუტარდა. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. პანსიონის მოსწავლეებისთვის სასადილოს მშენებლობაც დასრულდა. აშენდა გოდერძი ჩოხელის მუზეუმი სოფელ ჩოხში. 2-სართულიან შენობაში 2 საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი განთავსდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზანდუკის საჯარო სკოლას. ეტაპობრივად უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგურები შატილსა და ახიელში. ახალი ჰესები ადგილობრივი მოსახლეობის 24-საათიან ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, თანამედროვე მზის პანელები გადაეცათ. აშენდა  და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა 1.5 ტონა წარმადობის რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში. აშენდა ამბულატორიები შუაფხოსა და ახიელში. რეაბილიტაცია ჩუტარდა შატილის, ბარისახოს, გრემისხევის, ქვეშეთის, ბაზალეთისა და მჭადიჯვარის ამბულატორიებს. დასრულდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების მშენებლობა ქალაქ დუშეთსა და დაბა ფასანაურში. ქალაქ დუშეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ციფრული და ბეჭდური ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. გრძელდება ისტორიული უბნების განახლება დუშეთში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია  XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდა, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათებების მოწყობაც. კეთილმოეწყო ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია და ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა. ასევე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე. გაიხსნა 2 პარკი დუშეთში. მოეწყო ახალი პარკი სოფელ ციხისძირში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ პარკს დაბა ჟინვალში. რეაბილიტაცია უტარდება ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის გზებს. მოასფალტდა შიდა ქუჩები ქალაქ დუშეთში და სოფელ ანანურში. ასევე, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების – საკრამულისა და ჩანადირთკარის დამაკავშირებელი გზა მოეწყო. ეტაპობრივად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

მცხეთა

გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი სოფელ ნატახტარში. დასრულდა ბაღის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა ფრეზეთის დევნილთა დასახლებაშიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, სკოლებში სველი წერტილები მოეწყო და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა. ქალაქ მცხეთაში, დევნილი მოსახლეობისთვის კორპუსების მშენებლობა დასრულდა. კეთილმოწყობილი ბინები 120 დევნილ ოჯახს გადაეცა. მიმდინარეობს ყოფილი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლებს სოფელ მუხრანში და სოფელ ნატახტარში. გაიხსნა კეთილმოწყობილი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ მუხრანში. მოეწყო დავით გურამიშვილის ძეგლი და მისივე სახელობის პარკი სოფელ საგურამოში. გაიხსნა სპორტული კომპლექსი ქალაქ მცხეთაში. ასევე, მოეწყო სკვერები და სპორტული მოედნები ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზედაზენის მონასტერთან მისასვლელ და წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის დამაკავშირებელ გზებს. მოასფალტდა შიდა საუბნო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა ქალაქ მცხეთაში. აშენდა ახალი ამბულატორია სოფელ გალავანში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ამბულატორიებს სოფლებში – წილკანი და ნიჩბისი. გაიხსნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა ქალაქ მცხეთაში. მიმდინარე წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტებიც განხორციელდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, სპეციალური საჭიროებების მქონე და ქრონიკული დაავადებების მატარებელმა პირებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოქალაქეებმა და ა.შ.

თიანეთი

აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები დაბა თიანეთში და სოფელ სიმონიანთხევში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღულელებისა და ჟებოტის ბაღებს. საბავშვო ბაღებში ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მისაღებად ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. ასევე, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონები ჟებოტაში, ტუშურებში, ღულელებსა და ახალსოფელში. მოასფალტდა შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ქუჩებს. გრძელდება თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. დასრულდა ნაპირსამაგრების მოწყობა მდინარე იორზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს სოფლებში – ღულელები, წყაროთუბანი, ხადოელები, გუდანელები, მაგრანეთი, დევენაანთხევი, ჟებოტა, ძებნიაურები და თეგერაანები. მიმდინარეობს არტეზიული ჭისა და წყალსადენის მაგისტრალის მოწყობა სოფელ გორანაში. მიმდინარეობს დაბა თიანეთის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში კულტურის ცენტრი სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. რეაბილიტირდა მრავალფუნქციური შენობა სოფელ ჟებოტაში. შენობაში ბიბლიოთეკა, ამბულატორია, მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს დეპუტატის ოთახები განთავსდება. აშენდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაბა თიანეთში. გარემონტდა სოფელ ნაქალაქარის ამბულატორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალსართულიან საერთო საცხოვრებელ კორპუსებს დაბა თიანეთში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე  სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული პროექტი განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით  წარმატებულმა ახალგაზრდებმა, სოციალურად შეჭირვებულმა ოჯახებმა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებმა ისარგებლეს.

ყაზბეგი

გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი სოფელ ყანობში. ახალი ბაღი შენდება დაბა გუდაურშიც. აღსანიშნავია, რომ ამ დასახლებებში საბავშვო ბაღებს არასოდეს უფუნქციონირია. გრძელდება დაბა სტეფანწმინდის #1 საჯარო სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის მოწყობა. ექსპლუატაციაში შევიდა 2 ახალი საავტომობილო ხიდი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სიონისა და გარბანის დამაკავშირებელ ხიდს და აშენდა ახალი ხიდი სოფელ ყანობში. მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გორისციხის თემის სოფლებს – ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან დააკავშირებს. მოეწყო კობათუბნის ნაპირსამაგრები სოფელ სიონში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგება. მოასფალტდა შიდა გზები სოფლებში – სნო, სიონი, არშა, ფანშეტი და დაბა სტეფანწმინდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყანობის ხიდამდე მისასვლელ გზას. მოეწყო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი სოფელ ხურთისში, დამონტაჟდა სათავე და გამწმენდი ნაგებობები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს სოფლებში – სიონი, აჩხოტი, კარკუჩა და ახალციხე. შენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დაბა სტეფანწმინდაში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიების შენობებს სოფლებში – სნო, სიონი და გორისციხე. გარემონტდა მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსები დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ არშაში. დასრულების ეტაპზეა ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია სტეფანწმინდაში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 6.5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი გაიწმინდა. შედეგად, ჭარბი წყლისგან 45 ჰექტარი მიწის ფართობი გათავისუფლდა და მისი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენება გახდა შესაძლებელი. ასევე, გაიმართა დასუფთავების მასშტაბური აქცია ყაზბეგის ეროვნულ პარკში. რამდენიმე დღიანი აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა. 2019 წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული პროექტიც განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლეს მრავალშვილიანმა და სოციალურად შეჭირვებულმა ოჯახებმა, ხანდაზმულმა მოქალაქეებმა, სპეციალური საჭიროებების მქონე და ქრონიკული დაავადებების მატარებელმა პირებმა. მუნიციპალიტეტმა სოციალური შემწეობის მიმღები, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების შვილებს და ობოლ ახალგაზრდებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, სწავლა 80 %-ით დაუფინანსა.

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 526 სოფელში დაფინანსდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგების სისტემებს, გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარე განათებები, მოეწყო სკვერები და სპორტული მოედნები და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა.

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან ღია შეხვედრები აქტიურად იმართებოდა. შეხვედრებზე ადგილობრივებმა ის საკითხები წამოაყენეს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სამოქმედო გეგმა სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს წამოჭრილი საჭიროებების მიხედვით შემუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები