“ბოლო დღეების განმავლობაში ხშირია სოკოთი ინტოქსიკაცია” – რა უნდა ვიცოდეთ მოწამვლის შემთხვევაში: ტოქსიკოლოგის რჩევები
„საკმაოდ დიდი რაოდენობით არის სოკოთი მოწამვლის შემთხვევები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. სოკოთი მოწამვლას ახასიათებს – გულისრევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი, გონების დაბინდვა და ფსიქიკის ცვლილება ,“- ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, წმ. მიქაელის ჰოსპიტალის თერაპიული დეპარტამენტისა და ტოქსიკოლოგიური სამსახურის უფროსმა, სოსო კუტუბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ტოქსიკოლოგის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებმა სოკოს ცნობა არ იციან.
„უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობამ, სამწუხაროდ, მასობრივად დაიწყო სოკოს შეგროვება – იციან თუ არ იციან სოკოს ცნობა. ყველა სოკოს ჰყავს თავისი ორეული, რისი გარჩევაც ძალიან რთულია.
მეორე პრობლემა არის, რომ წელს სოკოს დიდი მოსავლიანობაა, იყო ცხელი ზაფხული და სოკოებმა, ალბათ, ცვლილება განიცადეს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის სოკოთი მოწამვლის შემთხვევები, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში – ეს არის ძირითადად ნეიროტოქსიური სოკოები. სავარაუდოდ, სოკოს მომზადების წესიც ირღვევა.
ალბათ, სოკოს აგროვებენ არაჰიგიენურ ადგილებში და საკვებად ვარგისი სოკოც კი უვარგისი ხდება. ასევე, შესაძლებელია, გარემო პირობების ცვლილებამ გარკვეული როლი ითამაშა სოკოს დაბინძურებაზე.
სოკოთი ინტოქსიკაციას აქვს ერთი და იგივე სიმპტომები, ესენია: გულისრევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი, გონების დაბინდვა და ფსიქიკის ცვლილება, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები ვარდებოდნენ კომატოზურ მდგომარეობაში და სჭირდებოდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ეს არის ნეიროტოქსიური მოქმედება,”- განაცხადა კუტუბიძემ.
მისი თქმით, სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევაში, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
“ყველა შემთხვევაში აუცილებელია მომწამვლელი ნივთიერებისგან გათავისუფლება, უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა, აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ინტოქსიკაციით მომართვიანობა დაკავშირებულია სეზონთან – ახლა ბოლო 10-12 დღის განმავლობაში ყველაზე აქტუალურია სოკოთი ინტოქსიკაცია,”- განაცხადა “კვირასთან” ტოქსიკოლოგმა.