სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ გამოყენებულ პატიმრობას არ ეთანხმება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინაპატიმრობას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.