აბსურდია საუბარი, თითქოს პრეზიდენტის სასახლის ღობე შეგნებულად სუსტად დახვდათ გადამტრიალებლებს და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღე გავიდა და ყველას კარგად ესმის, რომ მსგავსი შეფასება არც ლოგიკას ემყარება და არც რაციონალურ აზროვნებას.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ ესახება იმ გამოწვევის თუ პრობლემის მოგვარება, როდესაც მოქალაქეების ნაწილი კატეგორიულ უარს აცხადებს არსებული რეალობის დანახვაზე და ამ რეალობას აღიქვამს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი რაკურსით“.
„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გაურბის რეალობას. მათ საკუთარი შეხედულებები აქვთ, რომლებიც არსებულ ფაქტობრივ რეალობას არ შეესაბამება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი, აწარმოებს ეროვნული ნიადაგზე დაფუძნებულ პოლიტიკას, სადაც ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ყველას ესაუბრება კორექტულად, მაგრამ თანასწორად და სთხოვს გარშემომყოფებსაც, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, მის ხელისუფლებას და სუვერენიტეტს.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რაზეც ჩვენ პრეტენზია გვაქვს – ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელსაც სურს კიდევ უფრო გაძლიერება. სამწუხაროდ, არსებობს მეორე მოცემულობაც. ძალები, რომლებსაც სხვადასხვა სახელს ვარქმევთ: „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“. ეს ძალები ჩვენს ქვეყანას განიხილავენ როგორც პროექტს. პროექტი „საქართველო“, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები აქვს ამ პროცესებში. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს როლი უნდა იყოს განსხვავებული. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის ინსტრუმენტად გვევლინებიან, დავალებებს იღებენ და მოქმედებენ ამ დავალებების შესაბამისად.
ამ ადამიანებს ნამდვილად არ უნდა უჭირდეთ რეალობის აღქმა და შეფასება, მაგრამ რადგან ისინი დავალებული არიან ამ პროექტის შემქმნელებისგან, იძულებული არიან, ასე იმოქმედონ. მოვლენებს ამ პრიზმით თუ შევხედავთ, ალბათ არ გაგვიჭირდება ყველაფრისთვის სახელის დარქმევა.
დღეს არის ორი მოცემულობა. პირველი, სადაც, საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეთა უმრავლესობა ერთად არიან ამ პროცესში, ერთად იცავენ სახელმწიფოს, ეროვნულ ინტერესებსა და დამოუკიდებლობას და ასევე სურს, მათთან ითანამშრომლოს პარტნიორებმა თუ კეთილისმსურველმა სახელმწიფოებმა. და მეორე – პროექტი, რომელიც წლებია, არსებობს და მისი საშუალებით არსებობენ ჩვენთან ე.წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
ის, რომ საქართველოს რიგი ნაბიჯები უნდა გადაედგა და ამაზე ჩვენმა სახელმწიფომ თქვა უარი, ამის შემდეგ დაიწყო ამ პროექტის შემქმნელების მიერ, მათივე ხელში არსებული ინსტრუმენტების გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.