ჩვენ პარტნიორებად ვთვლიდით USAID-ს, NED-ს და ელემენტარულად ვთხოვდით, ეპასუხათ, რას ნიშნავდა, როცა მათი დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების შეცვლას და ტექნიკურ მთავრობას აანონსებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირებისას იყო კონსულტაციები, რა სახე უნდა ჰქონოდა პროექტს, რათა არ ყოფილიყო მტკივნეული, ყოფილიყო ყველასთვის გასაგები, მარტივად წარმოჩენილიყო პროცესი, რომ საუბარი იქნებოდა მხოლოდ გამჭვირვალობაზე, თანხების მოძრაობაზე და არა ვინმეს აკრძალვაზე.
„ამ კანონის ინიცირებას ვიდრე მოვახდენდით, უკვე იყო ზარი, ასე ვთქვათ, გზავნილი ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, რომ დავალებაა, კანონი არ უნდა იყოს მიღებული, თორემ ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს და გავაკეთებთ მობილიზაციას. ზარი იყო ხელისუფლებასთან. ეს ცნობილია, არც დაუმალავს ქალბატონ კელი დეგნანს, გამოვიდა და თავად განაცხადა ეს ყველაფერი. იძულებული იყო, თავად განეცხადებინა, იმდენად მიუღებელი იყო მათთვის ამ კანონის მიღება. მაშინ გამიკვირდა, რას ნიშნავს, რუსულს დაარქმევ? კანონმდებლებს არ გვაქვს უფლება, დავაინიციროთ კანონი? ამას მოჰყვა შემდეგი – ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით, ყველა ჯგუფს გავაერთიანებთ თქვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, კანონის მხოლოდ ინიცირებული იყო და ერთ-ერთ ბრიფინგზე ნათელი გახდა, რომ კანონპროექტი უკვე რუსულ კანონად იყო შეფასებული.
„გთხოვდნენ უკვე, რომ გაგვეწვია, რადგან ეს არის რუსული კანონი და ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვება. გესმით, რასთან გვაქვს საქმე?“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პროცესების ამგვარი განვითარება იყო დაკვეთა.
„ადამიანები, რომლებიც ფილოსოფოსები, ლექტორები, პროფესორები, მასწავლებლები არიან, ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ თავიანთ ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, არ შეეხოთ, არც განიხილოთ, არ წაიკითხოთ, არ შეიძლებაო. შეიძლება, რომ ვინმემ, მაშინდელმა პროტესტანტებმა ან საზოგადოების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, მედიასაშუალებებმა აგვიხსნან, რა იყო იქ მიუღებელი? ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ ცოდნაზე, განათლებაზე, თავისუფლებაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, ხომ? წარმოიდგინეთ, ამბობდნენ, არ შევიდეთ შინაარსშიო. კანონზეა საუბარი, განხილვაზე, კითხვის დასმაზე. მათ წარმომადგენლებს ზოგს ფილოსოფოსებად მოაქვთ თავი, სტუდენტებს ასწავლიან ჰეგელს, კანტს, კრიტიკულ აზროვნებას. ეს ადამიანები ისე განაწყვეს, რომ კითხვის დასმის უფლებაც არ მისცეს. კითხვა არ უნდა დასვა, მსჯელობაში არ უნდა შეხვიდე. იქნებ, რა წერია? ახალგაზრდას ხომ უნდა მოუწოდო პირიქით, აბა, დავსხდეთ და განვიხილოთ, განსაჯოთ, რა არის მიუღებელი და რა არის მისაღები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.