მიხეილ ყაველაშვილი: ე.წ. ოპოზიციის უსუსურობით მათი პატრონები ძალიან გაწბილებული არიან, ეძებენ ხელისუფლების განეიტრალების სხვადასხვა საშუალებას, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს ვერ ერევიან

პირდაპირი მოცემულობაა, სად დგას საქართველოს ეროვნული ინტერესები და ვინ წარმოადგენს გარე ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები აღიარებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან გარედან მისცეს არჩევნებში მონაწილეობის ნებართვა.

„ჩვენ ხომ გვაქვს ეს ინფორმაციები, ეს არ არის საიდუმლო. პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრი როცა ვიყავი, გახარია და ხაზარაძე ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებული იყვნენ. ამბობდნენ, მათი გაერთიანება შეუძლებელიაო, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი მათი პატრონებიდან, ჟონავდა ინფორმაცია, რომ მათი გაერთიანება აუცილებლად მოხდებოდა. ასევე იყო სალომე ზურაბიშვილთან მიმართებითაც, რომ ის უნდა გამხდარიყო რადიკალური ფრთის ლიდერი, ალტერნატიული მთავრობა შეექმნა და ა.შ.

ეს პროცესები ადვილად შესამჩნევია და კვლავ გრძელდება. გახსოვთ, როგორ გამოხატავდნენ პროტესტს არჩევნებთან დაკავშირებით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობამ, კარგად ვიცით, როდის როგორ ტარდებოდა არჩევნები და როგორ პროგრესირებს პროცესი წლიდან წლამდე. ერთ-ერთი გამორჩეული არჩევნები იყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, როგორც ტექნოლოგიური, ისე მაღალი აქტივობით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. ოპოზიციამ უსუსურობის გამო ვერც ერთი დავალება ვერ შეასრულა, რის გამოც მათი პატრონები ძალიან გაწბილებული არიან.

„ეძებენ სხვადასხვა საშუალებას, როგორ მოხდეს არსებული ხელისუფლების განეიტრალება. ეს მცდელობები რომ სხვადასხვა სახეს იღებს, სწორედ იქიდან გამომდინარეა, რომ ვერ ერევიან ჩვენს სახელმწიფოს, თუმცა მცდელობები გაგრძელდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, სამართალდამცავ ორგანოებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. ყველაზე მეტად კი მადლობა ჩვენს ხალხს, რადგან მათ ყველაზე კარგად გაიგეს, რასთან აქვთ საქმე“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები