„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.
როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ძირითადი, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია.
“შემოდგომამ თავისი გავლენა ვირუსულ პეიზაჟზეც მოახდინა. აგვისტოში, განსაკუთრებით შუა რიცხვებში ქვეყანაში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც “დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში” ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსათვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი, წამყვანი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად სხვა გაციების გამომწვევი ვირუსებიც ფიქსირდება, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევმოვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა შეუძლია, გაციების კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარეობს. ეს არის – ტემპერატურა, ოღონდ დაბალი რიცხვები, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცხვირცემინება, ცხვირიდან გამონადენი. ამ ვირუსებს არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. ზოგადად, ახლა, სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, იმ ინფორმაციით, რასაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, შემთხვევები შედარებით მომატებულია და ასეც უნდა იყოს. აგვისტოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, მობილობა გაიზარდა, ბაღებსა და სკოლებში უფრო მეტი ბავშვი დაბრუნდა. ასე რომ, ეს აბსოლუტურად ახსნადი დინამიკაა და ჩვენ ველოდებით, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს, სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარ-თებერვლის თვეებში მიაღწევს. საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით, როგორც ყველაზე აქტიური პერიოდი, სწორედ ეს სამი თვე გამოირჩევა.
რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მთავარი აქცენტი გრიპის ვირუსზეა. გრიპის ვირუსი სწორედ იმ ვირუსს წარმოადგენს, რომელსაც გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა ( განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის) ყველაზე მეტად ახასიათებს. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, საქართველოში, ნოემბერში, ალბათ, უკვე გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები გამოჩნდება. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გრიპის სეზონისთვის მზადებაა. მზადებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაქცინაციის პროცესს ვგულისხმობთ, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები
კომენტარი