მეუფე გრიგოლ კაცია: მამა ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, თუმცა მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია

მამა ანდრია სარიამ, რომელსაც საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მღვდელმსახურების უფლება ჩამოერთვა, ეს გზა თავად აირჩია, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, გრიგოლ კაციამ განაცხადა.

მისი თქმით, მღვდელმსახურს ეპარქიაში დარჩენა არაერთხელ შესთავაზა.

“ერთად ვსწავლობდით სასულიერო აკადემიაში, პანსიონში ვცხოვრობდით და კარგად ვიცნობ. სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მონასტრის წინამძღვარი იყო, სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა. დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად. შემდეგ დადიოდა მეუფეს დავალებით შიომღვიმის მონასტერში, მუშაობდა არქივში.

ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მაგის მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს გაფრთხილება ერთხელ, ორჯერ… ეს არ იყო შურისძიება, ეს არის კანონიკა. სამი თვეა ამ ეპარქიაში ვარ, არავინ დამისჯია, არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიცია რომელიმე ბერისთვის ან მონაზვნისთვის. ყოფილიყო აქ, მონასტერში იქნებოდა მწირველი მღვდელი და წინამძღვარი. თავად აირჩია ეს გზა. რამდენჯერ მისცეს შენიშვნა და გააფრთხილეს. ეს ყველაფერი ერთადაა: მისი არჩევანი, მისი განცხადება, მისი ცხოვრება და ასეთი შედეგი, სამწუხარო, მაგრამ ასეა,”- განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები