რატომ არის ნათელა იანქოშვილი ყველაზე ანგარიშგასაწევი ქართველი მხატვარი?

0

ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობა „Hirmer“-მა ახლახან გერმანულ და ინგლისურ ენებზე ცალ-ცალკე გამოსცა წიგნი: „ნათელა იანქოშვილი – მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“, რომელიც გამოჩენილ ქართველ ხელოვანს ეძღვნება.
ეს წიგნი მსოფლიოს აღმოაჩენინებს უნიკალური ბიოგრაფიის არტისტს, რომელიც სამართლიანად იმსახურებს, გასცდეს საქართველოს ფარგლებს და მიეკუთვნოს იმ რანგის მხატვრებს, რომელთა ცხოვრება ხელოვნებაში გმირობად ფასდება.

წიგნის ავტორი გახლავთ ბერლინის „Galerie Kornfeld“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, რომელმაც ორი წელი მოანდომა ნათელა იანქოშვილის ბიოგრაფიის, იმ ურთულესი დროისა და გარემოებების შესწავლას, რომელშიც დიდ მხატვარს უხდებოდა ცხოვრება და მუშაობა. პირველ რიგში, უნდა ითქვას წიგნის ბრწყინვალედ შერჩეულ სათაურზე, რომელიც მკითხველში უმალ აჩენს მძაფრ ინტერესს, გაეცნოს მისთვის უცნობ ხელოვანს, ვისაც თურმე ამგვარი თავგანწირული ბრძოლა უწევდა თვითდამკვირებისთვის.
მამუკა ბლიაძის წიგნი ძალიან ბევრ საგულისხმო ამბავს გვამცნობს ნათელა იანქოშვილის ბიოგრაფიიდან, რაც დავიწყებას არ შეიძლება მიეცეს. ამ მხატვარს სწორედაც რომ გააჩნია ის ღირებულება, რომელიც არა მარტო ქართული ხელოვნების ლანდშაფტს ამდიდრებს, არამედ მსოფლიო ხელოვნების მატება და საგანძურიც არის.
წიგნის ავტორმა თავის ტექსტში მოიშველია გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი, ამერიკელი, რუსი და ქართველი არტკრიტიკოსების (მარლენ შტოსელი, ლიზა ცაიტი, დენის გოლდბერგი, გაია სიმიონატი, ალინა კოენი, კატარინა რუდოლფი, სავა დონგულოვი, ოლგა ველიკანოვა, გასტონ ბუაჩიძე, ეთერ შავგულიძე) შეფასებები, რომლებიც იანქოშვილს წარმოაჩენენ, როგორც დიდი მასშტაბისა და დაუცხრომელი სულის არტისტს, ვისაც შესწევს უნარი, აღფრთოვანება გამოიწვიოს სახვით ხელოვნებაში კარგად გათვითცნობიერებულ მნახველში. წიგნში ასევე შეტანილია იმ ადამიანების მოგონებები, ვინც იანქოშვილს პირადად იცნობდა (ბაია დვალიშვილი, სოსო ჭუმბურიძე, რისმაგ გორდეზიანი, ვაჟა ძიგუა, ნელი გურგენიძე). მათი წაკითხვის შემდეგ ცხადად რწმუნდები, თუ როგორი უკომპრომისო და შეუპოვარი ადამიანი გახლდათ ნათელა იანქოშვილი და გიკვირს, საერთოდ ფიზიკურად როგორ გადარჩა იმ სასტიკ დროში?!
უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული და  უხვად ილუსტრირებული წიგნი მკითხველს მოუთხრობს მხატვარზე, რომელიც არავის ჰგავს არც ფერებით, არც ხასიათით და არც ბედ-იღბლით. ბედის ნებიერთა რიცხვში იანქოშვილს ვერ მივიჩნევთ, რადგან მუდამ ქანცგამწყვეტი შრომა, გაჭირვება და ტანჯვა ახლდა მის ამქვეყნიურ ყოფნა-არსებობას. ერთადერთი, რაშიც უმართლებდა, ეს მხატვრობა იყო. ურთულეს ეპოქაში, მან ხელოვნებაში მართალი და უშეღავათო გზით სიარული ირჩია და პირნათლად აღასრულა კიდეც თავისი მისია, რისთვისაც მოევლინა ქვეყნიერებას. „განსაცვიფრებელი ლოგიკურობა, შინაარსისა და მხატვრული ფორმის იდეალური მთლიანობა, სულისშემძვრელი და ზეაღმტაცი ძალა იანქოშვილს აქცევს მასშტაბურ, საკაცობრიო მნიშვნელობის ხელოვანად. რაც მან შექმნა  და რასაც მან გაუძლო, შემოქმედებითი და ზნეობრივი გამარჯვების მაგალითად შევა ისტორიაში“, – წერს წიგნის ავტორი მამუკა ბლიაძე.
წიგნი მკაფიოდ ასაჩინოებს იანქოშვილის ურყევ მრწამსს, რომ ადამიანის სული თავისუფლებისთვის არის შობილი და მას ვერანაირი ბორკილებით ვერ მოაშთობენ. სწორედ თავისუფლების ამგვარი ერთგულებითა და შეულევლობით დაიმკვიდრა მან უშეღავათო ხელოვანის სახელი, ეს სითამამე და შეუპოვრობა აძლევს იანქოშვილს იმის საშვს, რომ მსოფლიო სამხატვრო რუკაზე საქართველო კიდევ უფრო მკაფიოდ დაიტანოს.  თუ ათიოდე წლის წინ მისი არსებობა მხოლოდ საკუთარ სამშობლოში უწყოდნენ, შარშან იგი სტამბოლის არტბიენალეზე მსოფლიო სახელის მქონე არტისტის, მერეთ ოპენჰეიმის(Meret Oppenheim) გვერდიგვერდ გამოფინეს. მანამდე კი იყო აღიარება ბერლინის, კიოლნის, ბრიუსელის, ნიუ-იორკის ცნობილ არტფორუმებზე.
მე, როგორც ქართველს, ძალიან მსიამოვნებს ნათელა იანქოშვილის სახელის გამობრწყინება და მისი მეორე სიცოცხლის დაწყება 21-ე საუკუნეში, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ეს ხდება არა ქართული მხარის ჩართვით და მოწადინებით, არამედ გერმანიამ ითავა მისი უცხოელებისთვის გაცნობა და პოპულარიზაცია. თუმცა, ეს ხომ ქართველების ზოგადი სენია, ჩვენ – უცხოელებმა თუ არ გვითხრეს და არ მიგვახვედრეს, რა სიმდიდრის მფლობელები ვართ, ჩვენით გვიჭირს ამის დაჯერება! ასე იყო ფიროსმანის, ქართული პოლიფონიის, ქორეოგრაფიის, კინემატოგრაფიის, რობერტ სტურუას თუ გია ყანჩელის შემთხვევაში.
წიგნიდან კარგად ჩანს, რომ ნათელა იანქოშვილი თავის სიცოცხლეში „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ქედს არასოდეს უხრიდა, ამიტომ მას თავისი პირდაპირობის და ხისტი ხასიათის გამო შეეძლო მხოლოდ საკუთარი მტრები ემრავლებინა. საოცარია, უკვე 12 წელიწადია, რაც იგი გარდაიცვალა და მაინც არ მოხდა მისი შემჩნევა და გამორჩევა, იმ პატივის მიგება, რასაც ეს დიდი ხელოვანი იმსახურებს. სამწუხაროა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალმა ქვეყანამ ვერ შეძლო საბჭოთა ეპოქაში შექმნილი ხელოვნების გადაფასება. ისევ მძლავრობს ის უსამართლობა, რაც საბჭოური მენტალობიდან დარჩა საქართველოში. ყველაზე დიდ ხელოვანად ჩვენში კვლავ ისინი რჩებიან, ვინც ოდესღაც ცეკას მდივნის, ხელოვნების ინსტიტუტის თუ მუზეუმის დიდი ჩინოვნიკების ოჯახის წევრები ან სამეგობრო წრის წარმომადგენლები ყოფილან!
ეს არის ყოვლად სამარცხვინო მდგომარეობა, რაც ცხადყოფს ჩვენი კულტურის პოლიტიკის ანაქრონიზმს. ამდენი ხანია, საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა, გაიხსნა საზღვრები და ახლა მაინც გახდა საჩინო, თუ რა არის ფასეული და რა თავსმოხვეული?! ესეც კორუფციისა და ნეპოტიზმის დაფარული სახეა, რადგანაც ჩვენში არ იწყება ხელოვანთა გადაფასების ჯანსაღი პროცესი. სწორედ ამის გამოა, რომ ნათელა იანქოშვილი კვლავ მარგინალურ მხატვრად რჩება საკუთარ ქვეყანაში, როცა სინამდვილეში იგი გახლავთ გვერდაუვლელი და ყველაზე ანგარიშგასაწევი ქართველი მხატვარი.
მამუკა ბლიაძის წიგნიდან ცნაურდება, თუ რამხელა ღვაწლი აქვს შეტანილი იანქოშვილს ეროვნულ კულტურაში, მან შექმნა მეოცე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა ყველაზე ვრცელი პორტრეტული გალერეა. მანვე შემოუნახა შთამომავლობას საქართველოს ასზე მეტი ტაძრის ფერწერული ხატება, და ეს იმ დროს, როცა რელიგია საძრახის სიტყვად ითვლებოდა. ყველაზე ღირებულ მოვლენად კი, მაინც ის უნდა ჩაითვალოს, რომ იანქოშვილმა არამცთუ ქართულ, არამედ ზოგადად პეიზაჟის ხელოვნებას უცვალა სახე. და განა შეიძლება, ეს სიახლე საყურადღებო არ გახდეს ახალი თაობის ქართული ხელოვნების მკვლევრებისთვის? დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიუბრუნდებიან, გულდაგულ გამოიკვლევენ მას და სათანადო ადგილს მიუჩენენ ქართული კულტურის ისტორიაში.
ფაქტია, რომ ქართველებს შინაური ნიჭის დაფასება ხშირად გვეშლება ან გვაგვიანდება, რაც ვერ მიიჩნევა მოსაწონ თვისებად. თუმცა, მადლიერების გრძნობის ნაკლებობას ვერავინ დაგვწამებს. ამიტომაც, მსურს, მადლობა  ვუთხრა საქართველოს გერმანელ მეგობრებს: ალფრედ კორნფელდს და ანნე ლანგმანს, ცნობილი ბერლინური „Galerie Kornfeld“-ის მფლობელებს, რომლებიც თხუთმეტი წლის წინათ ეწვივნენ საქართველოს და გაეცნენ ქართველ მხატვრებს. ფიროსმანის შემდეგ მათზე ყველაზე დიდი ზემოქმედება იანქოშვილის ფერწერამ მოახდინა.
2012 წელს მათ თავიაანთ გალერიაში გამართეს ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა,  გამომცემლობა „Kehrer“-მა კი გერმანულ-ინგლისურ ენაზე დაბეჭდა იანქოშვილის შთამბეჭდავი კატალოგი. უდავოა, რომ როგორც ლე დანტიუმ და ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოუჩინეს მსოფლიოს ფიროსმანი, ალფრედ კორნფელდმა და ანნე ლანგმანმა სწორედ მსგავსი რამ მოიმოქმედეს ერთი საუკუნის შემდეგ, ამჯერად უკვე სხვა საოცრების – იანქოშვილის სახით. საქართველოზე და ქართულ ხელოვნებაზე გულწრფელად შეყვარებული ამ ორი გერმანელის ღვაწლი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას და აღიარებას საქართველოს მხრიდან.
და ბოლოს, საჭირო და სასარგებლო საქმე გაკეთდება, თუკი მამუკა ბლიაძის ეს ბრწყინვალე წიგნი: „ნათელა იანქოშვილი – მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“ ქართულ ენაზეც გამოიცემა.

გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი