მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ახალი ჯილდო – „თეატრის ავტოგრაფი“

11 მაისს, მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების 30 წლის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა განსაკუთრებული საღამო, რომელიც მიეძღვნა მიხეილ თუმანიშვილის ხსოვნას და მისი 105 წლის იუბილესადმი დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების წარდგენას.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინფორმაციით, თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა იოანე (ვანო) ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საიუბილეო გეგმები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ლეგენდარული სპექტაკლის „ჩვენი პატარა ქალაქი“ აღდგენა.
ასევე, ამ დღეს, თუმანიშვილის თეატრის ინიციატივით, დაარსდა ახალი ჯილდო – „თეატრის ავტოგრაფი“,  რომელიც გადაეცემათ ხელოვანებს მიხეილ თუმანიშვილის პრინციპების და მისი სახელობის თეატრის ფასეულობების შენარჩუნებისთვის.
ჯილდოს სიმბოლოდ იქცა მხატვარ კახა ქორიძის მიერ შექმნილი თუმანიშვილის თეატრის ლოგო.
პირველი მადლობის სიგელი და სამკერდე ნიშანი „თეატრის ავტოგრაფი“  სწორედ კახა ქორიძეს გადაეცა.
ასევე ჯილდო გადაეცა, მიხეილ თუმანიშვილის შვილს – ლიკა თუმანიშვილს.
მიხეილ თუმანიშვილის თეატრის ფასეულობების შენარჩუნებისთვის ახალი ჯილდო „თეატრის ავტოგრაფი“ გადაეცა რეჟისორ გოგი მარგველაშვილს
„თეატრის ავტოგრაფი“ ასევე გადაეცათ თუმანიშვილის თეატრის დამფუძნებლებს: ქეთი დოლიძეს, მზია არაბულს, დარეჯან ხაჩიძეს, დარეჯან ჯოჯუას,  ზურა ყიფშიძეს, პაატა ბარათაშვილს, ლაურა რეხვიაშვილს, ცოტნე ნაკაშიძეს. – ასევე რამაზ იოსელიანსა და ნინელი ჭანკვეტაძეს სპექტაკლში „ბაკულას ღორები“ 49-წლიანი უწყვეტი თამაშისთვის და სპექტაკლის შენარჩუნებისთვის.
საღამო მიეძღვნა პატივისცემას დიდი მაესტროს მემკვიდრეობისადმი და თეატრისადმი, რომელმაც შექმნა ეპოქა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს მიხეილ თუმანიშვილის ფასეულობებს.
ფოტოგრაფი – ზურაბ ობოლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები