არჩილ თალაკვაძე: პატრიარქის მისამართით სამარცხვინო ბრალდებები გაისმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ოჯახისთვის ეს არის სამწუხარო, თუმცა სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი, მათ შორის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას კანონით აქვს გარანტირებული.
მისივე თქმით, პატიმრებს საშუალება აქვთ, როგორც პენიტენციური სისტემის, ასევე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში კვლევებითა და მკურნალობით ისარგებლონ.
“როდესაც ადამიანი შიმშილობს, კანონმდებლობით მას განსაკუთრებული ყურადღება და მონიტორინგი ესაჭიროება სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრო და სასჯელაღსრულების სისტემა ამ შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. ყველა პატიმარს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პროტესტი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ადამიანს, ვინც რჩება პატიმრობაში, ვუსურვებ, რომ მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს, საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ყველა ჩვენ, მედიაც, პოლიტიკოსებიც უნდა მოვერიდოთ ისეთი საკითხების პოლიტიზებას, სადაც რეალურად საკითხები არის გასარკვევი სასამართლოში, სადაც საკითხები არის გასარკვევი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ემოციებითა და ურთიერთბრალდებების ფონზე. ოჯახისთვის სამწუხაროა, რომ არ მოხდა შეწყალება, თუმცა სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა ინსტიტუტი, მათ შორის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას კანონით აქვს გარანტირებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო. შესაძლოა, ზოგისთვის ეს იყოს მიუღებელია, ზოგისთვის მისაღები, მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, ეს იყო სამარცხვინო, ვგულისხმობ ბრალდებებს, რომელიც გაისმა კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, იმ ადამიანის მისამართით, რომლის ინიციატივითა და სინოდის გადაწყვეტილებით მოხდა შუამდგომლობის მიმართვა. უნდა დავფიქრდეთ კარგად ვიდრე ბრალდებებს გავახმოვანებთ, ვიდრე ცილს დავწამებთ ვინმეს, თუ უფრო მეტად დავუფიქრდებით ჩვენს სიტყვებს, ჩვენს განცხადებებს, გვექნება უკეთესი ქვეყანა და უკეთესი სახელმწიფო.
პატიმრებს აქვთ საშუალება, როგორც პენიტენციური სისტემის, ასევე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში მიიღონ მომსახურება, კვლევები თუ მკურნალობა. შესაბამისად, ათასობით პატიმარი სარგებლობს ამით, ამით სარგებლობს ბატონი მამალაძეც. მე არ მგონია, რომ მედიასთან გასარკვევი საკითხი იყოს პაციენტის დიაგნოზი და რა მკურნალობა სჭირდება მას, ეს არის ადვოკატის, ოჯახის წევრების სახელმწიფოსთან განხილვის საგანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ, 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.