2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები საქართველოში – რეალობა და მოლოდინები

მიმდინარე წელი დასასრულს მიუახლოვდა. ალბათ საინტერესოა რითი იყო გამორჩეული 2019 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის, რა ბენეფიტები მიიღო და როგორ აისახა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ხალხის ჯიბეზე.

ინფლაცია

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ინფლაციამ მიზნობრივ მავენებელს ( 3 პროცენტი) თითქმის ორნახევარჯერ გადააჭარბა და ფასების საერთო დონე 7%-ით გაიზარდა.  ოფიციალური მონაცემებით, 13.4 პროცენტით არის გაზრდილი ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. 15.4 პროცენტით გაძვირდა თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები. ფასების 7 პროცენტიანი მატება აღინიშნა დასვენება, გართობა და კულტურის სფეროში. 3.1 პროცენტით გაძვირ5და ტრანსპორტით მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ფასების მსგავსი ზრდა  საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა. ინფლაციამ ამ წელს 7.1 პროცენტი შეადგინა.

 ლარის კურსი

ლარის კურსი და ეროვნული ვალუტის დევალვაცია უკვე წლებია აქტუალობას არ კარგავს. საქართველოს მცირე ეკონომიკის, იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ეროვნული ვალუტა 2014 წლიდან მოყოლებული თითქმის 65-70 %-ით გაუფასურდა. ეს კი პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ბაზარზე. მცირდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიების შემოსავლებზე. თუმცა  ლარის კურსთან დაკავშირებით სახეზეა დადებითი ტენდენციებიც.მარტო დეკემბერში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10 თეთრით ანუ 3 %-ით გამყარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს სებ ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და უცხოურ ვალუტაში მიზუდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირებას უკავშირებენ.

მშპ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ით განისაზღვრა. დამაიმედებელი -ასე აფასებენ სპეციალისტები საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. მათი თქმით,აღნიშნული ეკონომიკური ზრდა მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მას ადგილი ჰქონდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების პარალელურად. ეკონომისტები ამ გარემოებას რამოდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათი თქმით, მშპ-ს ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. კერძოდ,ოფიციალური მონაცემებით,მთლიანად იანვარ-ნოემბერში წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით: ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11.7 პროცენტით, უარყოფითი ბალანსის მოცულობა შემცირდა 10.3 პროცენტით, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაუმჯობესდა 5.2 პუნქტით – 36.4%-დან 41.6%-მდე. სპეციალისტების განმარტებით,ექსპორტის ზრდის ისედაც დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების 14 % იანი ზრდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით, გაორმაგებულია და 417 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია აჭარაში, სადაც 43 % იანი ზრდა დაფიქსირდა.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP)- გაზრდილი ენერგო-უსაფრთხოება და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი

30 ნოემბერს თურქეთში TANAP-ის (ტრანს ანატოლიური გაზსადენი) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო.პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა.

ეკონომისტების შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) ამოქმედებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. მათი თქმით, გარდა იმისა,რომ მილსადენს დიდი გეოპოლიტიკური დატვირთა აქვს და ის საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია, მნიშვნელოვანია მილსადენის ეკონომიკური მდგენელიც.

ოფიციალური ინფორმაციით, ტრანს-ანატოლიური მილსადენის მეშვეობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი  ევროპას მიეწოდება, 2023 წლისთვის საქართველო, სატრანზიტო წილის სახით, 300  მილიონის  ნაცვლად 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ეს კი დაახლოებით 300 მილიონი დოლარია წელიწადში.

ტურიზმი

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 670,122 საერთაშორისო მოგზაურთა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12,0%-ით აღემატება. ხოლო მიმდინარე წლის 11 თვეში სარეკორდო მაჩვენებელი 8,7 მლნ მოგზაური დაფიქსირდა (7.2%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). მიუხედავად ზაფხულის პეროდში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირებისა, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 4,9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 0.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

“100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”

ამოქმედდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’. საპრივატიზაციოდ გამოიტანეს  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-ზე მეტი ობიექტი. აღნიშნული ქონების ჯამური ღირებულება 150 მილიონ ლარს აჭარბებს და როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პრივატიიზაციის შედეგად დაახლოებით 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.13  დეკემბრის მონაცემებით, უკვე მოხერხდა 26 ობიექტის პრივატიზება და ინვესტორებმა ჯამში დაახლოებით 41 მილიონი ლარი გადაიხადეს.

საგადასახადო შეღავათები მეწარმე სუბიექტებისათვის მაღალმთიან რეგიონებში

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით,მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას, სტატუსის მინიჭებაზე დაინტერესებული პირის შემთხვევაში კი – მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, ეს დადგენილება ხელს შეუწყობს მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში,ასევე  წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე, რაც მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისთვის.

ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა

Ryanair-ი ფრენებს უკვე ასრულებს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით, ხოლო 2020 წელს კი მრავალი ახალი მიმართულების დამატება იგეგმება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ რაინ-ეარი სრულად გამოავლენს თავის პოტენციალს და კომპანია Wizzair-ის მსგავსად დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს ქართულ საჰაერო სივრცეში, მისცემს შესაძლებლობას ქართველ მგზავრებს რომ შეღავათიანი ფასებით იმგზავრონ ევროპაში, ხოლო ევროპელ ტურისტებს კი მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მიმზიდველ დანიშნულებად აღიქვან საქართველო.

საპენსიო სააგენტოს ამუშავება

 

დაგროვებითი საპენსიო სისტემა, საქართველოში მრავალი ვნებათა ღელვის საგნად იქცა, განსაკუთრებით 2019 წლის პირველ ნახევარში. ხშირი იყო მოწოდებები საპენსიო სისტემის დატოვების, მასთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევიდან გამომდინარე. თუმცა, საქმე არც თუ ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს. 2019 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საპენსიო სისტემაში დაგროვილმა შენატანებმა 491 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც სპეციალისტების განმარტებით, შესანიშნავი შესაძლებლობაა საპენსიო ფონდის სახით ქვეყანაში სოლიდური საინვესტიციო ფონდიც ჩამოყალიბდეს (საპენსიო ფონდისთვის დამახასიათებელი ინვესტირების შესაბამისი სტანდარტების დაცვით). პროფესორ ვახტანგ ჭარაიას მოსაზრებით,გამოწვევებს შორის რომელიც აღნიშნულ მოვლენას უკავშირდება არის: გრძელვადიანი არასტაბილურობის განცდა, წლების შემდგომ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი, სახსრების არაკეთილსინდისიერად ან/და არაპროფესიონალურად დაბანდების რისკი და ა.შ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ხარჯების ისედაც დიდი წილის ფონზე, რომელიც ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება (2030 წლისთვის პენსიონერთა რიცხვი 800 ათასიდან 1 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება), კერძო შენატანებზე დაფუძნებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას (დამსაქმებლის და სახელმწიფოს კონტრიბუციის გათვალისწინებით) ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები