რატომ არ გვინდა რუსული “ძედ მაროზი” ანუ როგორ დაინგრა საბჭოთა წყობა

ისევე როგორც დღეს, 28 წლის უკანაც, მსოფლიო ახალ წელთან შესახვედრად ემზადებოდა. როგორც ყოველთვის, იყო დიდი გამოწვევები, ტრაგედიები, ვნებათაღელვები. მაგრამ, მაშინაც, ახალი წლის მოახლოებისას, დედამიწელებს უჩნდებოდათ დღესასწაულის განცდა, რადგან ახალ წელს მოჰქონდა იმედი, ახალი გეგმები, უკეთესობისკენ ცვლილებების და ოცნებების ასრულების მოლოდინი… მილიონობით ადამიანს აუსრულდა ოცნება – 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლითაც ოფიციალურად მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის აღიარება. წინა დღით, 25 დეკემბერს, მოსკოვის დროით 19:00 საათზე, მიხეილ გორბაჩოვი ცენტრალური ტელევიზიის ეთერით გამოვიდა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. კავშირის დაშლის შედეგად, მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე 15 ახალი სახელმწიფო გაჩნდა.
თანამედროვე პოლიტოლოგები ასახელებენ მრავალ იმ მიზეზს, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. ხშირად ეს მიზეზები რამდენიმე პუნქტიან სიაში ერთიანდება. მათ შორის, უნდა გამოვყოთ რამდენიმე ის ფაქტორი, რამაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საბჭოთა მონსტრის დაშლაზე. ასეთი იყო, საბჭოთა ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათი, ეკლესიის, დისიდენტების სასტიკი დევნა, იძულებითი კოლექტივიზაცია, რომელიც ინდივიდუალიზმს ასამარებდა. ასევე, მიზეზთა შორის იყო ერთი იდეოლოგიის ბატონობა, რომლის გასაძლიერებლად შექმნილი იყო უძლიერესი ცენზურა, უცხოელებთან კონტაქტის აკრძალვა, იდეოლოგიური წნეხით ნამდვილი კულტურის გაუპატიურება; ასევე, საბჭოთა კავშირის ნგრევა  ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ, საბოლოოდ კი პროდუქტების საყოველთაო დეფიციტმაც დააჩქარა. ხალხი იმანაც დაღალა, რომ მარტივი საგნები თუ პროდუქტები მუდამ რთულად საშოვნელი იყო-გარკვეულ პერიოდში, დაბალხარისხიანი ტუალეტის ქაღალდის ყიდვაც კი პრობლემას წარმოადგენდა. მომენტებში კი უცებ ასეთი ყოველდღიური მოხმარების საგნებს დახლებზე “გამოაგდებდნენ” ხოლმე და ადამიანები მათ საყიდლად თავპირის მტვრევით მირბოდნენ. ყველაფერი იყო ნორმირებული, ყველაფერზე იყო შეზღუდვები, სახელმწიფო ადგენდა წესს ყოველთვის, ყოველ წამს და ხდიდა მოქალაქეებს დამოკიდებულებს არა საკუთარ თავზე თუ ღირსებაზე, არამედ მხოლოდ მასზე. საბჭოთა კავშირის კოსმოსური ავიაცია მთვარისკენ იყო გაჭრილი, მაგრამ ამავე დროს მოქალაქეებს ართმევდა დამოუკიდებელ ნებას, თავისუფლად ფიქრის საშუალებას. საბჭოთა რუსეთი წყვეტდა იმასაც კი, თუ რა ფერის ტუალეტის ქაღალდი უნდა გამოეყენებინა ადამიანს. თუ კი ვინმე  ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას გაბედავდა წვრილმანებშიც კი, მას ან „გულაგში“ ამოალპობდნენ ან საგიჟეთში ამოაყოფინებდნენ თავს. საბჭოთა რუსეთი წყვეტდა, რომ ყოველ ახალ წელს ქართველის, აზერბაიჯანელის, უზბეკის და ყაბარდოელის შვილები “ძედ მოროზს” და “სნეგუროჩკას” უნდა გაერთო…
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მოკავშირე რესპუბლიკებში ბევრი გარდამტეხი მოვლენა მოხდა, მათ შორის დატრიალდა ტრაგედია საქართველოში – 1989 წლის 9 აპრილს ქართველების თავისუფალი ნების ჩახშობა საბჭოთა ხელისუფლებამ ტანკებით სცადა. დღეს, ახალგაზრდებისთვის თითქმის უცნობია თუ როგორი ტკივილის და სისხლის ფასად მოიპოვეს მაშინ დამოუკიდებლობა ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა, პოლონელებმა, და დაუჯერებელია-რომ გერმანელებმაც კი, რომლებმაც 20-ე საუკუნის ბოლო ოცი წელი მავთულხლართებში იცხოვრეს. საბჭოთა კავშირის ე.წ აღმოსავლეთ ბლოკში ამბოხებები და აჯანყებები მანამდეც იყო, მათ შორის 1953 წელს „გდრ“-ში, 1956 წელს უნგრეთში, 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, გათავისუფლების ყველა ეს მცდელობა საბჭოთა ტანკებით იყო ჩახშობილი.
ბერლინის კედელი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ე.წ გდრ-ის სოციალისტურმა ხელისუფლებამ შექმნა და ის ევროპის და მთელი მსოფლიოს გაყოფის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების, კაპიტალიზმის და სოციალიზმის ბრძოლის სიმბოლო გახდა. იმისათვის, რომ „გდრ“-ის გერმანელები დასავლეთ ბერლინში არ გადასულიყვნენ, ბერლინი გარშემორტყმული იყო 155 კილომეტრიანი ბეტონის კედლით, მავთულხლართებით, დანაღმული ველით, საკონტროლო ზოლით, შეიარაღებული „გდრ“-ის ოფიცრებით. რომლებიც კოშკურებზე იდგნენ. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „გდრ“-ს მოქალაქეები არ გაქცეულიყვნენ თავისუფალ სამყაროში. მათ ტყვიებს ესროდნენ, როდესაც გაქცევას ცდილობდნენ.
1989 წლის 4 ნოემბერს, აღმოსავლეთ ბერლინის მოედანზე- ალექსანდერ პლაცზე გრანდიოზული მიტინგი ჩატარდა, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტმა გერმანელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სოციალისტური პარტიის წევრებს ღიად დაუპირისპირდნენ. მანამდე იყო მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგები ლაიფციგში, ეკლესიებში ადამიანების საიდუმლო შეკრებები და მოთხოვნა-თავისუფლება! ყველაფერი ერთ ღამეში-1989 წლის 9 ნოემბერს შეიცვალა. სისტემამ წნეხს ვერ გაუძლო-პრეს-კონფერენციაზე, 9 ნოემბრის საღამოს, ცენტრალური კომიტეტის წევრმა გიუნტერ შაბოვსკიმ განაცხადა, რომ ამიერიდან დაშვებული იქნება „გდრ“-ის თავისუფლად დატოვება. იმ ადამიანების შეკავება, რომლებსაც თავისუფლება სწყუროდათ, უკვე შეუძლებელი გახდა. სწორედ 9-10 დეკემბრის ღამეს, ათასობით ადამიანი გაემართა ბერლინის კედლის საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტი მხოლოდ ერთ მხარეს იხსნებოდა. იმ ღამეს დაეცა კედელი, რომელიც ერთ ერს ყოფდა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება. საბჭოთა კავშირის მთავარმა მემკვიდრემ იცვალა სახელი, მაგრამ არა ზნე, დამოკიდებულება, მიზნები. რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გაგვხადოს დამორჩილებულ სატელიტურ სახელმწიფოდ, გაგვყოს და მავთულხლართებით ცხოვრებას მიგვაჩვიოს… კრემლს სურს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მის ჩრდილქვეშ დაბრუნდნენ, რომ მათ ნაძვის ხეებზე კვლავ კრემლის საახალწლო ვარსკვლავი აკიაფდეს; მას სურს, რომ მის გარეშე, ქართველმა თავი სუსტად იგრძნოს; სურს, რომ მომავალ ახალ წლებში, კეთილი ქართველი თოვლის პაპა კვლავ გაქრეს და ჩვენს სადღესასწაულო განწყობაზე მოსკოვის დროით, მხოლოდ “ძედ მაროზმა”, “სნეგურაჩკამ” და “ოლივიეს” სალათმა იზრუნონ…

ეკატერინე მესხი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები