ფსიქოლოგი: თავდასხმები სკოლაზე, პოლიციასა და მშობლებზე იგივე სიძულვილია, რომელმაც ეს მოზარდი შეიწირა

ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი არასრულწლოვნის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ საზოგადოების საქციელს შფოთვაზე დაყრდნობილ პრიმიტიულ ქცევად აფასებს.

მისივე თქმით, თავდასხმები სკოლაზე, სამართალდამცველებსა და ოჯახზე იგივე სიძულვილის გამომხატველია, რაც ადამიანს თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს საზოგადოება საყრდენს ვერ აძლევს, ვინაიდან ისიც ღრმად კულტურულ კრიზისში იმყოფება.

“მსგავსი ტრაგედია საზოგადოებაში, მშობლებსა და სპეციალისტებშც კი შფოთვას აღძრავს. რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ძირითადად ეს არის შფოთვაზე დამოკიდებული რეაქციები და თუ გნებავთ, სიძულვილის მანქანა, რომელიც კვლავ რეაქციაში მოვიდა. ამ ტრაგედიის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დესტრუქციული აგრესიული ქმედების ნორმალური გადამუშავების შესაძლებლობის დეფიციტია და არა ის ფსიქო-აგრესიული ემოციების გადმოღვრა, რომელსაც შესაძლოა, იწვევდეს მსგავსი ტრაგედიები. მოზარდს ემოციურად და ფსიქოაფექტურად სტაბილური ოჯახი სჭირდება და არა ისტერიულ-პანიკური რეაქციების მქონე საზოგადოება, რადგან მოზარდობის მდგომარეობა ღრმა კრიზისულია. როდესაც მოზარდის ფსიქიკაში ინგრევა მშობლების იდეალი, ის გარემოში ეძებს საყრდენებს, ეძებს იდეალს, დროებით საყრდენებს, რომ გაიაროს ეს ეტაპი. საზოგადოება კი ვერაფერს ვთავაზობთ, თუ არა სიძულვილს, საზოგადოებაც ღრმად კულტურულ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება. მაგალითად, თავდასხმები სკოლაზე, პოლიციაზე, მშობლებზე და ასე შემდეგ – ეს არის პრიმიტიული ქცევა, რომელსაც იწვევს შფოთვა. ეს იგივე სიძულვილია, რამაც ეს და სხვა მოზარდები სხვადასხვა დროს შეიწირა“, – განაცხადა ფსიქოლოგმა გიგა მამინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ახალგაზრდებში სუიციდის პრევენციის ზომებსა და საზოგადოების მიერ ამ პრობლემის სწორად აღქმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები