შოთა იათაშვილი: ჩამოხსენით ეგ ფრაზა თქვენი კედლებიდან, ნუ ხდით ბრენდად, ნუ იმეორებთ შელოცვასავით, წყევლასავით

გაწმინდეთ ჰაერი მაგ ფრაზისაგან, თუ ახალგაზრდების ბედი გაღელვებთ, – ამის შესახებ მწერალი შოთა იათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მწერლის განმარტებით, იმ ტექსტის ბრუტალური ტირაჟირება, რაც ამ ქმედებისკენ უბიძგებს მოზარდების მოწყვლად ფენას, დანაშაულის ტოლფასია.

“როდესაც გოეთემ თავისი რომანი უიმედო სიყვარულზე -“ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” – გამოაქვეყნა, გერმანიას ცოტა ხანში სუიციდის ტალღამ გადაუარა. ცალმხრივი სიყვარულით დატანჯული ჭაბუკები თავს იკლავდნენ წიგნის პერსონაჟის მსგავსად. მაშინ გერმანიაში ეს წიგნი აიკრძალა, ამ მოვლენას კი “ვერთერის ეფექტი” ეწოდა. მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს, უიღბლო სიყვარულით დაწყებული, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებით დამთავრებული, მაგრამ ეს შემზარავი ტალღა ნებისმიერ შემთხვევაში ერთი წესით გორდება ხოლმე. და დღეს ჩვენ კვლავ ამ “ვერთერის ეფექტთან” გვაქვს საქმე, და ასეთ სიტუაციაში იმ ტექსტის ბრუტალური ტირაჟირება, რომელიც ამ ქმედებისკენ უბიძგებს მოზარდების მოწყვლად ფენას, დანაშაულის ტოლფასია! ჩამოხსენით ეგ ფრაზა თქვენი კედლებიდან, ნუ ხდით ბრენდად, ნუ იმეორებთ შელოცვასავით, წყევლასავით! “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანიც” კი აკრძალეს რაღაც მომენტში გერმანიაში, რადგან ის მაშინ ადამიანებს ხოცავდა. გაწმინდეთ ეს ჰაერი მაგ ფრაზისაგან, თუ ახალგაზრდების ბედი გაღელვებთ. და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ამის მერე”, – წერს შოთა იათაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები