ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკა გოგუაძე იხსენებს, როგორ კითხავდა მას ჩოლოიანი
როგორ აწარმოებდა დაკითხვას გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ე.წ. „ყინწვისის საქმეზე” – ამასთან დაკავშირებით 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ ჩოლოიანი იყო გამომძიებელი, რომელმაც ის დაკითხა. როგორც გოგუაძე ამბობს, სასურველი ჩვენების მისაღებად მას დაკითხვის მიმდინარეობისას აწამებდნენ და გონის დაკარგვამდე სცემდნენ.
„მოვყვები ჩემი საქმიდან ეპიზოდს, რომელიც ჩოლოიანს ეხება. მე დამაკავეს ჩოლოიანთან შეხვედრამდე ბევრად ადრე, როცა თბილისში ჩამომიყვანეს, მთავრ სამმართველოში ჩოლოიანის კაბინეტში შემიტანეს. მაგ დროს უკვე სრულიად დამტვრეული ვიყავი. ერთი საღი ადგილი არ მქონდა სხეულზე. დამსვეს სკამზე და მივხდი, რომ იქ ეს ყველაფერი უნდა გაფორმებულიყო პროცედურულად. დაიწყო დაკითხვის პროცესი, რომელიც ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა. ამ პროცესის განმავლობაში ხშირად გონს ვკარგავდი. რაც შეეხება მარიანა ჩოლოიანის დაკითხვის მეთოდებს, ეს იყო შემდეგი: მარიანა სვამდა კითხვას, მას ჰქონდა კონკრეტული მიმართულება მიღებული მისი ზემდგომებისაგან, საითაც უნდა წაეყვანა გამოძიება. ის ჩემგან მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იღებდა, იმიტომ, რომ აბსურდულ კითხვებს სვამდა. მარიანა უკმაყოფილო სახით შემომხედავდა, კაბინეტიდან გავიდოდა, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ კაბინეტში უნდა შემოსულიყო სხვა ხალხი. შემოდიოდა 3-4 ადამიანი, გრძელდებოდა ჩემი მტვრევა, ლეწვა, ცემა კიდევ სხვა სიტყვაა. მერე ისევ დამსვამდნენ სკამზე. შემოვიდოდა მარიანა და გრძელდებოდა პროცესი. მაგალითად ერთერთ ასეთ შემოსვლაზე მარიანა მეუბნება: მაშ, სად გავჩერდით, ე.ი. შემოგყავდა 2 000 ქართულად მოლაპარკე რუსი სპეცრაზმელი. ხომ ხვდებით რამხელა აბსურდია? ვუთხარი, კრეტინიზმს მეუბნები, დამაჯარებელიც არ იქნება-მეთქი. ამაზე უარი ვთქვი, ასეთი რამე არ ყოფილა-მეთქი. ბოლოს მარიანა აღარ გადიოდა, მე გავყავდი სხვაგან და მერე უკან მაბრუნებდნენ. მივხდი, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს, მინდოდა, რაც შეიძლება მალე გადავეყვანე ან ციხეში, ან იზოლატორში, რომ დავწოლილიყავი და დამეძინა, რადგან ტკივილისგან, დაღლილობისგან გონს ვკარგავდი.
როცა დაიწყო დაკითხვის პროცესი, მოვითხოვე ადვოკატი. ეს სასაცილოდაც არ ეყოთ. პირველად ადვოკატმა მნახა სამმართველოს იზოლატორში.
სასამართლოზე ჩამმა ადვოკატმა დაიბარა ჩოლოიანი, ის მოიყვანეს პროცესზე და მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. ის ყველა კითხვაზე ამბობდა, არაფერი ახსოვდა“, – განაცხადა ნიკა გოგუაძემ.
გოგუაძის თქმით, ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა.
„ყინწვისის საქმე ძალიან ჩახლართულია და ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილია, სადაც სტრასბურგმა დაასწრო ჩვენს საგამოძიებო უწყებებს გამოძიება და დადო დასკვნა, ცემა-წამების ნაწილში მიდის გამოძიება. მეორე ნაწილი არის ის, რაზეც დღესაც მიდის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ რეაბილიტაციას და გამართლებას, რომ ბრალი იყო არასწროად წაყენებული. ხვალ მაქვს სასამართლო პროცესი, სადაც ჩემი ყოფილი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე უნდა დაიკითხოს. სამწუხაროა, რომ პროკურატურა დღესაც როგორც ძველი პროკურატურის სამსართლამემკვიდრე მხარს უჭრს ძველ ბრალს. ხომ ხედათ როგორ აბსურდულ ვითარებაში ვარ? გამომიშვეს პოლიტპატიმრის სტატუსით. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემს მიმართ იყო ცემა-წამება, როგორც ეძახიან არაადმაინური მოპყრობა.
ამ ხელისუფლების პირობებშიც ველოდები პოლიტიკურ ნებას, რომ ამ საქმეს დაუსვან წერტილი და დამიდონ გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა გოგუაძემ.
ნიკა გოგუაძე ჩოლოიანის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ჩოლოიანი სტრასბურგში გასაჩივრებულ საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდა.
„ეს ძალიან დიდი ტყუილია. მარიანა ჩოლოიანი იყო ზუსტად მთავარი ადამიანი, ვინც ჩემი დაკავება გააფორმა. ის ლაპარაკი, რომ სტრასბურგის საქმეში სახელი მარიანა ჩოლოიანი არ ფიგურირებს, ეს მართალია, რადგან სტრასბურგში კონკრეტული სახელები და გვარები საერთოდ არავისი ფიგურირებს, იქ არის საუბარი გამოძიებაზე, პროცედურულ დარღვევაზე, ცემა-წამების ფაქტებზე, რისი თანამონაწილეც ჩოლოიანი იყო“, – განაცხადა გოგუაძემ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვისას, არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და სირაძეს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.
“აღნიშნულ აღიარებაზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს,” – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ ჩოლოიანს ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
თამუნა შეყილაძე