ცხინვალის მტკიცებით, მათ „დამოუკიდებლობას“ კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს – ე.წ. პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროს, ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებაზე, ე.წ. გენოციდის საკითხზე, სოფელ წნელისთან შექმნილ ვითარებასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარების“ საკითხებზე ისაუბრა.

ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაზე

„ეროვნული იდეის გამო 1920, 1989-90 და 2008 წლებში ოსები დაზარალდნენ – და ეს იდეა ყოველთვის იყო ერთიანი ოსეთი რუსეთის იმპერიის, რუსეთის შემადგენლობაში და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევცვალოთ იდეა – ეს ისტორიული ძაფია, რომელიც არ უნდა გაწყდეს. ოსი ეთნოსი ერთ გეოგრაფიულ სივრცეში უნდა ცხოვრობდეს. თუ ეთნოსი გაყოფილია – ერთადერთი იდეა მხოლოდ გაერთიანებაა“.

1920 წლის ე.წ. გენოციდზე

„ქართველი ფაშისტების ველურობის შესახებ მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა შეიტყოს. 2020 წელს სამხრეთ ოსეთში ოსი ხალხის გენოციდის ასი წლისთავს აღნიშნავენ. გენოციდის მემორიალიზაციის სამუშაოებში ჩვენი თანამემამულეებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, ოსური დიასპორები. არ უნდა გვქონდეს შეზღუდვა ეუთომდე, გაერომდე, ევროკავშირამდე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებამდე ობიექტური და სწორი ინფორმაციის მიწოდების საკითხში. ამასთან, მუშაობა გეგმიურად უნდა მიმდინარეობდეს“.

სოფელ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ქმედების განხორციელების უფლება აქვს. “უისტას” მოსახლეობა დღეს უსაფრთხოდ არის. ვფიქრობ, საკითხს პოლიტიკური გზით მოვაგვარებთ. საკითხი, ჟენევის დისკუსიებზეც იყო წამოწეული და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელების ყოფნის ფაქტის შესახებ ყველაა ინფორმირებული, მათ შორის ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან პროვოკაციული გამოხტომების საკითხი უნდა მოვაგვაროთ. ვფიქრობ, პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტას მივაღწევთ“.

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი

„სამხრეთ ოსეთის აღიარება გარდაუვალი პროცესია. დღეს, ისეთ ქვეყნებთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომლებიც პოტენციურად ჩვენი მეგობრები არიან, პარტნიორები, იმათთან ვისთანაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სხვა საკითხებში ერთნაირი ხედვები გვაქვს. მათ შორის აღიარებასთან დაკავშირებით. უახლოეს დროში მორიგი აღიარების მოწმეები გავხდებით, ყოველ შემთხვევაში შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მოლაპარაკება მიდის, და პროცესი გარდაუვალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები