„ზოგიერთმა სირაქლემის პოზითა და მკითხველის გაბრიყვების მცდელობით მიითვისა ჩემი ძირითადი სათქმელი თუ მეტაფორები“

პლაგიატიზმის შესახებ ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი მზია ხეთაგური წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო! მადლობას ვუხდი ქალბატონ მადონა დვალს, უნიჭიერეს პოეტსა და სამართლიანი ბუნების ადამიანს, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ლექსის სხვის მიერ მითვისებაზე.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩემს ზოგიერთ ლექსს მცირე „გადახვევებით“ ითვისებენ. ამ ფაქტებზე ზოგიერთებს ჰქონდათ რეაქცია და ჩემთვისაც უთქვამთ. მაგრამ იმ პლაგიატორების ნაცვლად თავადვე მრცხვენოდა და დაუნდობლად ვერ ვამხელდი (მით უმეტეს, რომ ზოგიერთთან ვმეგობრობდი კიდეც). იუმორს ვიშველიებდი მხოლოდ: „არა უშავს, ღმერთმა შეარგოს! თუ ჩემი ლექსი მიითვისა, მაშასადამე მოეწონა, რადგან გემოვნება ჰქონია“! რაც შეეხება ქალბატონ ლია ქებურიას, მე მას არ ვიცნობ და შესაძლებელია, მშვენიერი პოეტიც არის. იქნებ სადმე ამოიკითხა ჩემი ლექსი და ისე იმოქმედა მასზე, რომ საკუთარ სათქმელად მიიჩნია? მე მისი მესმის და არ ვსაყვედურობ, მაგრამ ვურჩევ, უფრო ფრთხილად მოეკიდოს ამ საკითხს.
ქ-ნ მადონა დაცმელია-დვალის აღშფოთება კი გამოიწივია სამართლიანობისადმი და სხვისი შემოქმედების მიმართ პატივისცემამ, რისთვისაც იგი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ყველა რომ მასავით იქცეოდეს და მხოლოდ ჩურჩულით არ ლაპარაკობდნენ -ამან და ამან ლექსი მოგპარაო, ურიგო არ იქნებოდა!
დიახ, ზოგიერთმა სირაქლემის პოზითა და მკითხველის გაბრიყვების მცდელობით მიითვისა ჩემი ძირითადი სათქმელი თუ მეტაფორები. ზოგს კი თავადვე ვაჩუქე ზოგიერთი სტრიქონი (მისივე ლექსიდან გამომდინარე უკეთესი ვარიანტი ჩემი რედაქტორობის პროცესში)…
მართლა ნიჭიერებისთვის ასეთ დახმარებას არ ვნანობ, მაგრამ შენი ნიჭის ხარჯზე განდიდების მანიით შეპყრობილებს პატივს არ ვცემ! მკითხველისადმი პატივისცემით – მზია ხეთაგური“, – წერს მზია ხეთაგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები