15 მილიონი დოლარი ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის -ADB-მ საქართველოს სესხი დაუმტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.
როგორც აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სესხი საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, დაიწყოს ტექნიკური მოკვლევითი ანალიზი, დაგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაატაროს სხვა მოსამზადებელი სამუშაოები ADB-ის „საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირების“ პროგრამისთვის, რომლის დაწყება 2020 წლის მიწურულს იგეგმება.
„ქალაქების მდგრადი განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია და ის ასევე დაეხმარება ქვეყანას სრულად გამოიყენოს თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალი. ეს სესხი მთავრობას საშუალებას მისცემს დაიწყოს უმნიშვნელოვანესი მოსამზადებელი სამუშაოები მისი მიზნების განხორციელებისთვის, რაც მოიცავს საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციას და მათზე წვდომის გაუმჯობესებას, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას“, – აცხადებს ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ურბანული განვითარების სპეციალისტი რამოლა ნაიკ სინგრუ.