“მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, მნიშვნელოვანია, შევაფასოთ მისი გამოწვევებიც” – ვახტანგ ლომჯარია
“მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, მნიშვნელოვანია, შევაფასოთ მისი გამოწვევებიც”, – ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ ისაუბრა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დახმარება, თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან.
“ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იგივე სიღარიბის შემცირებაზეც, რომელიც ისტორიულად მინიმუმამდეა დაყვანილი. ფაქტობრივად, თუკი შარშან დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 7,5 პროცენტი მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ეს ერთი მხრივ ძალიან მაღალი, კარგი მაჩვენებელია. ამავდროულად, არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დახმარება, თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. ამ ყველაფრის გადააზრება უმნიშვნელოვანესია. ამას გარდა, რა თქმა უნდა, დემოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ერთ-ერთ იშვიათ ქალაქთა ჩამონათვალშია, რომელშიც იზრდება მოსახლეობა ქვეყნის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს დემოგრაფიულ პოლიტიკასაც. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ მეტად გამოიწვევს როგორც ურბანულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნას, ასევე მთელ რიგ სერვისებსა და წარმოებაზე. გამოწვევებს რაც შეეხება, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ხელშეწყობაც არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რათა თბილისის ეკონომიკა იყოს ნაკლებად მოწყვლადი, კიდევ უფრო ძლიერი და ამან უზრუნველყოს მოსახლეობის შემდგომი კეთილდღეობის გაძლიერება, დასაქმების კიდევ უფრო მეტად ზრდა, ხელფასების ზრდა და განკარგვადი შემოსავლის ზრდა, რაც ნიშნავს უფრო მეტად ხელმისაწვდომ მთელ რიგ სერვისებს, გარდა საბაზისო სერვისებისა, რაც ნიშნავს გეომეტრიული პროგრესით გარკვეული მაჩვენებლების გაძლიერებას. ჩვენ მივესალმებით ამ ყველაფერზე ანალიზის მეტად განვითარებას“, – განმარტა ლომჯარიამ.