ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებლებმა ლიცენზიის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებლებმა, რომლებიც ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ, აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მადნეულის მოპოვების უფლების აღდგენა მოითხოვეს. მათი თქმით, გარემოს დაცვის პოლიციამ ნახშირით დატვირთული მათი კუთვნილი 5 სატვირთო ავტომობილი გააჩერა და გადაადგილებისა და რეალიზების საშუალებას არ აძლევს.
ინდმეწარმეებს, რომლებიც “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” კონტრაქტორები იყვნენ, ხელშეკრულება 2015 წელს ამოეწურათ, თუმცა ნახშირის მოპოვებას ღია კარიერის წესით მაინც აგრძელებდნენ. აქციის მონაწილეები აღიარებენ, რომ ქვანახშირს ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან ამ შემოსავლით ოჯახებს არჩენენ.
„ინდმეწარმეები ვართ, ქვანახშირზე ვმუშაობთ, ღია კარიერები 1998 წლიდან მუშაობს. ვმუშაობდით, გვქონდა ლიცენზიები, მაშინ ოთხი-ხუთი კარიერი არსებობდა, ახლა არის თოთხმეტი. ვარჩენდით ოჯახებს. 2003 წელს ახალი მთავრობა რომ მოვიდა, შახტები “ჯი აი ჯი ჯგუფს” მიჰყიდა. სახლებში გვაქვს კერძო კარიერები. ჩვენი თავი, თავის სახლებიანად მიჰყიდეს ამ ჯგუფს.
“ჯი აი ჯი ჯგუფმა” დაგვიდო ხელშეკრულება, უნდა ამოგვეღო ქვანახშირი და ჩაგვებარებინა მაგათთვის. ასეც ვიქცეოდით. 2015-ში გაგვიწყვიტეს ხელშეკრულება, გვითხრეს, რომ აღარ უნდათ ჩვენი ქვანახშირი. მაგ დროს ჩვენ გვქონდა ნარჩენები  და როცა ძალიან გაგვიჭირდებოდა ,ვაგროვებდით და ვაბარებდით ახალციხეში. ასეთი შემთხვევები გვქონდა და დაკავებულია ხუთი მანქანა. იმ მიზეზით, რომ არ გაგვაჩნია არც ლიცენზია და არც ხელშეკრულება. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის 2015 წელს მოპოვებული, როცა ხელშეკრულება გვქონდა. სახელმწიფოს იმის შიში აქვს, რომ დაიღუპება ვინმე და მათ მიადგებიან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ კარიერების წარმომადგენელს მისცენ ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერება, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გახდება თვითონ კარიერის მფლობელი. მოგვცენ საშუალება, რომ ოჯახები ვარჩინოთ“, – ამბობს აქციის მონაწილე კახაბერ ხეცურიანი.
აქციის მონაწილეებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე პასუხობს, რომლის თქმითაც, მუშაობა უნდა გააგრძელონ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა უსაფრთხოება იქნება დაცული.
„სინამდვილეში, ეს არის საძიებო დაზვერვითი გვირაბები, ხდებოდა იქ რა თქმა უნდა პრიმიტიული მეთოდებით ქვანახშირის მოპოვება. შარშან ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სახელმწიფომ შეისწავლა ეს სიტუაცია. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შახტი გაჩერებულიყო. შესაბამისად, სამუშაოები ამ გვირაბებშიც გაჩერდა. როცა დაიწყო სახელმწიფომ ამ პროცესის შესწავლა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაჩერებულიყო  სამუშაოები. ერთ-ერთ გვირაბში დაგვეღუპა ახლგაზრდა კაცი და ეეს ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, წარმოიშვა მძიმე სოციალური ფონი, ეს ხალხი ითხოვს კარიერების გაშვებას. გვესმის, რომ მათ უკან ოჯახები დგას. მე შევხვდი ამ ადამიანებს, ასევე შევხვდი „საქნახშირის“ წარმომადგენლობას. “საქნაშირის“ პოზიციაა, რომ უნდათ ქვანახშირი, ოღონდ გვირაბებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება. ტექნიკურად უნდა გაიმართოს კარიერები და ამის შემდეგ გააფორმებენ მათთან ხელშეკრულებას. ჩემი პოზიცია ასეთია – მუშაობა უნდა გააგრძელონ, მაგრამ უსაფრთხოების სტანდარტი უნდა იყოს დაცული”, – თქვა ტყიბულის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები