წინასაარჩევნო დაპირება თუ მიზანმიმართული ტყუილი – ხაჯიმბას „აფხაზური ოცნება“ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებაზე ჩავარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცხოვრება, როგორც ჩანს „ჩვეულ, წინასწარ დაგეგმილ კალაპოტს დაუბრუნდა“: ოპოზიციის უკმაყოფილება ე.წ. არჩევნების შედეგთან დაკავშირებით ე.წ. სასამართლომ „სამართლიანად“ გადაწყვიტა და რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მთავრობის ფორმირება დაიწყო.

თუმცა, ე.წ არჩევნებამდე არსებული პრობლემები აქტუალურობას არ კარგავს, იქნება ეს კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, ტურიზმის ჩავარდნა, ინვესტიციების არარსებობა და სხვა.

როგორც ჩანს, არც იმ დაპირებების შესრულება იგეგმება, რომელიც ზარზეიმით გაიცა ე.წ. არჩევნებამდე. კერძოდ, საუბარია სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელებაზე.

1-ელ ნოემბერს ამოიწურა ის, ვადა, რომელიც რაულ ხაჯიმბამ, ივნისში თავისი ე.წ. მთავრობას მისცა, რომ მომხდარიყო სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება.

ხაჯიმბას ამ ხმაურიან დავალებას თბილისის მხრიდან რეაგირება მოჰყვა, სადაც აფხაზებს შეახსენეს, რომ „აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

მაგრამ, ხაჯიმბას გარემოცვას ე.წ. არჩევნები აუცილებლად უნდა მოეგო, ამიტომ ძალ ღონეს არ იშურებდნენ,რომ სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელების „ოცნება“, რეალისტურად წარმოეჩინათ. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო უწყების ამ განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ „მორიგი და უკვე ჩვევაში გადაზრდილი აფხაზეთის მორიგი იზოლაციას მცდელობაა. არ გამოგივათ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

ის, რომ ხაჯიმბას განცხადება თავიდანვე უტოპია იყო, ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ სოხუმის აეროპორტიდან ფრენების განხორციელებისთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) შესაბამისი კოდი სჭირდებოდა. იკაო კი, ბაბუშერის აეროპორტს 1993 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს, რადგან საქართველოს ერთიანობას ცნობს. შესაბამისი კოდის გარდა, სოხუმის აეროპორტს სერტიფიცირება სჭირდება, რომლსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გასცემს.

სოხუმში ეს „უხერხულობაც“ ჰქონდათ გათვლილი და ხაჯიმბამ მალევე განაცხადა, რო სულაც არ სჭირდებათ იკაო-ს კოდი, არამედ აეროპორტს როსტოვის ოლქის URAS-ის ოთხასოანი კოდი მიენიჭება, თუმცა პასუხი რუსულ მხარეზე იყო.

მეტი დამაჯერებულობისთვის 21 აგვისტოს სოხუმში „როსავიაციის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით ე.წ. მინისტრთა კაბინეტში შეხვედრებს მართავდნენ, თუმცა მანამდე 6 აგვისტოს, ხაჯიმბას და პუტინის შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგად მედია წერდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერთან მათ შორის, აეროპორტის საკითხზეც გაიმართა მსჯელობა.

26 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, თუმცა ამ ხნის მერე სოხუმის აეროპორტის გახსნის საკითხმა აქტუალურობა დაკარგა, მოვიდა 1-ლი ნოემბერი და შესაბამისი ნორმატიული აქტები არ შემუშავებულა.

ავტორი : მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები