“ჩვენს ტერიტორიაზე ფაშიზმს არ უნდა შევეგუოთ” – მოხდება თუ არა ახალგორში მყოფი ქართველი სასულიერო პირების “გაძევება”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში სასულიერო მსახურება და რელიგიური ქმედება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რელიგიურ ორგანიზაციას რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში აქვს გავლილი.

თუ ასეთი რეგისტრაცია არ არსებობს, მაშინ არც ერთ ორგანიზაციას რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს“.

მისივე თქმით, აღნიშნული „კანონი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზეც ვრცელდება, რომელიც უკანონო საქმიანობას უკვე 11 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს“.
ხუბაევა ამბობს, რომ არსებობენ თვითმხილველები იმისა, რომ ახალგორის რაიონში მდებარე ეკლესიის სასულიერო პირები აცხადებენ, რომ „ეს ჩვენი ტერიტორიაა, ლენინგორი კი არა, ახალგორია“.
„ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირების ყოფნა ნონსენსია. უცნაურია, როდესაც შენს ტერიტორიაზე იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც ოსი ხალხის გენოციდში მონაწილეობდნენ. თავად ქართველმა პატრიარქმა დალოცა ქართული არმია 90-ანებში და 2008 წილს აგვისტოში ცხინვალზე თავდასხმამდე. ის მოუწოდებდა, რომ უნდა მოხდეს „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება“, ანუ თავად დალოცა სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი“,-განაცხადა ხუბაევამ.

მისი თქმით, სასულიერო პირი, რომელიც ახალგორის რაიონში წირვას აღავლენს, ლოცვებში ილია მეორეს ახსენებს და ქართული საპატრიარქოს აყვავებისთვის ლოცულობს და მისი საქმიანობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. „სამხრეთ ოსეთის უმოქმედობა კი, იწვევს იმას, რომ ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ისე გრძნობენ თავს, თითქოს კანონიერ საფუძველზე არიან. ეს უნდა აღიკვეთოს. უნდა ვაჩვენოთ – ვინ არის სახლში უფროსი! ჩვენს ტერიტორიაზე ფაშიზმს არ უნდა შევეგუოთ“, – განმარტა სონია ხუბაევამ. დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი „პრობლემის“ გადაჭრის რამდენიმე ვარიანტს ასახელებს. „რესპუბლიკის სამართალდამცველებს აქვთ უფლება მივიდნენ მათთან და მოსთხოვონ დოკუმენტები იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე იმყოფებიან ისინი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ მათ მსგავსი დოკუმენტები არ აღმოაჩნდათ, უნდა შევთავაზოთ, რომ რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში გაიარონ. ასევე შეგვიძლია მათ შევთავაზოთ ალანიის ეპარქიის შემადგენლობაში შესვლა, თუ ესეც არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ლოგიკურია, რომ უნდა შევთავაზოთ მათ დატოვონ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და გადავიდნენ იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი ემსახურებიან“,- განაცხადა სონია ხუბაევამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები