“იოსებ მაკრახიძე არის საუკეთესო მაჟორიტარი დეპუტატი” – გორელებმა ოპოზიციას მაჟორიტარის ბიუროსთან ბოქლომის დადებაში ხელი შეუშალეს
გორში “ევროპული საქართველოს” 5-მდე აქტივისტს და პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეთერ ჯალაღანიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროსთან ბოქლომის დადების მცდელობა გააპროტესტეს. მათი თქმით, იოსებ მაკრახიძე მსგავს ქმედებას გორელებისგან არ იმსახურებს.
ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლემაც სახელი და გვარის გამხელა მედიასთან არ ისურვა, ამბობს, რომ იოსებ მაკრახიზე გორზე და გორელებზე ზრუნავს.
“მე ვარ რიგითი მოქალაქე. მოვედი აქ რომ გავაპროტესტო ის უკანონობა, რასაც ესენი ჩადიან. იოსებ მაკრახიძე არის საუკეთესო მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც გორზე და გორელებზე ზრუნავს”,- აღნიშნა ადგილობრივმა.
“ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციის ხელმღვანელმა, ეთერ ჯალაღანიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ ისინი კვლავ ეცდებიან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან სიმბოლურად, ბოქლომი დაკიდონ.
“ჩვენ შენობის მიმდებარე ტერიოტირაზე გავაკარით სტიკერები წარწერით : “ლუქულია”. კვლავ მოვალთ აქ და კვლავ ვეცდებით ბოქლომის დადებას”,- განაცხადა ეთერ ჯალაღანიამ.